ეკონომიკა

ვისია „ნუგეში“?

10 თებერვალი, 2011 •
ვისია „ნუგეში“?

სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” თბილისის თითქმის ყველა უბანში 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა აქამდე მხოლოდ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეეძლოთ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 7 თებერვალს „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მონახულებისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროდუქცია უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. როგორც „ნუგეშში“ განგვიცხადეს, აღნიშნული ქსელით სარგებლობა  ნებისმიერი მოქალაქისათვის თებერვლის დასაწყისიდან გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ „ნუგეშში“ პროდუქტები სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს „ნუგეშის“ პროდუქციის ყველასათვის ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სავაჭრო ქსელსა და სხვა სუპერმარკეტებს შორის კონკურენციაზე და შეუქმნის თუ არა იგი საფრთხეს მეზობლად მდებარე დიდ თუ პატარა სუპერმარკეტებს.

ეკონომიკის ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღნიშნული სავაჭრო ქსელი, ძირითადად, დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი,  ვინაიდან „ნუგეში“ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს ვერ გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, იგი  დიდ სუპერმარკეტებს კონკურენციის ნაწილში პრობლემებს არ შეუქმნის.

მას შემდეგ, რაც ქალაქის მერი „ნუგეშის“ ერთ-ერთ ობიექტს ეწვია და აქცენტი მის დადებით მხარეებზე გააკეთა, როგორც იარაღზე „შიდა სპეკულაციის“ აღმოსაფხვრელად,  საზოგადოებაში აღნიშნული სავაჭრო ქსელის მიმართ კითხვები მაშინვე გაჩნდა, კერძოდ, მის შესაძლო კავშირზე მერიასთან.

პროექტის მენეჯერმა, დავით ჟღენტმა, „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სავაჭრო ქსელ „ნუგეშს“ მერიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და იგი დამოუკიდებელი კომპანიაა.  კომპანია 2010 წლის 18 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში და მისი იურიდული ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აღნიშნული სავაჭრო ქსელის მფლობელი აკაკი ახვლედიანი გახლავთ. დავით ჟღენტი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად პროდუქტის გაყიდვას იმით ხსნის, რომ ეს ბიზნესი გაყიდვების მოცულობაზეა გათვლილი-„რაოდენობა უნდა გაიყიდოს მეტი, და შესაბამისად ფასი უნდა იყოს დაბალი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვინარჩუნებთ და ვახერხებთ იაფი ვიყოთ სხვა კონკურენტ კომპანიებთან შეადარებით“ –  განუცხადა პროექტის მენეჯერმა ნეტგაზეთს.

მასალების გადაბეჭდვის წესი