ეკონომიკა

ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დაიწყო

10 თებერვალი, 2011 • • 1499
ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დაიწყო

ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება დედაქალაქსა და რეგიონებში დღეიდან დაიწყო. ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ვაუჩერები 20 ლარიანი იქნება, ხოლო მათი დარიგება 15 მარტამდე გაგრძელდება. მომხმარებელს ვაუჩერის კომპანიაში მიტანა არ დასჭირდება და აღნიშნული თანხა ბარათზე ავტომატურად აისახება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ვაუჩერის გაჩუქება სურს, აუცილებელია პიროვნების კომპანიაში მისვლა და თანხის დარეგისტრირება სხვა მომხმარებელზე.

ვაუჩერები იმ აბონენტებს დაურიგდებათ, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში არანაკლებ 200 კილოვატი ელექტროენერგია მოიხმარეს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აბონენტს შეუძლია  სადისტრიბუციო კომპანიის სერვის-ცენტრში ვაუჩერი წარადგინოს, თუ 2011 წლის 15 მარტამდე შეღავათი არ აისახა აბონენტის პირად ბარათზე, ხოლო ვაუჩერის საჩუქრად მიღების შემთხვევაში, აუცილებელია, ვაუჩერის სპეციალურ გრაფაში სრულად იქნას მითითებული დასაჩუქრებული აბონენტისა და სადისტრიბუციო კომპანიაში ვაუჩერის წარმდგენი პირის მონაცემები და ვაუჩერის წარდგენა მოხდეს 2011 წლის 1 ივნისის ჩათვლით. ნაჩუქარი ვაუჩერი სადისტრიბუციო კომპანიაში უნდა წარადგინოს უშუალოდ დასაჩუქრებულმა აბონენტმა, ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან პირმა, რომელიც რეგისტრირებულია აბონენტის მისამართზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი