ეგვიპტის მთელ რიგ ქალაქებში მუშათა მასობრივი გაფიცვები დაიწყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მოთხოვნებით – იუწყება გაზეთი The New York Times.
გამოცემის ცნობით, სუეცის არხის საკუთრებაში მყოფი მომსახურების კომპანიის თითქმის 6000-მდე თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესია ქვეყანაში. თუმცა ამ ფაქტს, ჯერჯერობით, არსებითად არ უმოქმედია მსოფლიოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიაზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და ინდოეთის ოკეანეს ერთმანეთთან აკავშირებს.
სუეცში დაახლოებით 2000–მდე ტექსტილის ქარხნის თანამშრომელი გამოვიდა ქუჩაში. გაიფიცნენ, ასევე, ლუქსორის ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული მუშებიც, რომელთაც ქვეყნის მთავრობის მიმართ ეკონომიკური პრეტენზიები აქვთ, რადგან ძალიან დიდი შემოსავალი დაკარგეს ქვეყანაში არსებული დაძაბული მდგომარეობის გამო. ქვეყანა მასობრივად დატოვა ტურისტების დიდმა რაოდენობამ.
საპროტესტო აქციები მოაწყო ფარმაცევტულ კომპანიებში დასაქმებულმა მუშახელმაც.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, საპროტესტო აქციებს, გარდა დიდი ქალაქებისა, უკვე შეუერთდნენ სოფლისა და მცირე დასახლებების მოსახლეებიც.




