ეკონომიკა

რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი Walt Disney-ისათვის რეკორდული აღმოჩნდა

9 თებერვალი, 2011 • • 1152
რეკლამებიდან მიღებული შემოსავალი Walt Disney-ისათვის რეკორდული აღმოჩნდა

კორპორაცია Walt Disney-ის მოგებამ 2011 წლის პირველ კვარტალში 54%-ით მოიმატა და 1.3 მილიარდი დოლარი  შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საუკეთესო  შედეგია. 2010 წელს პირველი კვარტლის მოგება მხოლოდ 844 მილიონი დოლარი იყო – იუწყება The Wall Street Journal.

კომპანიის მიერ მოგების ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ტელეკომპანიებიდან რეკლამებით მიღებულ მოგებასთანაა დაკავშირებული.

მხოლოდ საკაბელო  სპორტული არხიდან, ESPN-დან მიღებულმა  მოგებამ 27% შეადგინა. ჯამში,  სატელევიზიო ბიზნესიდან კომპანია თითქმის 5 მილიარდამდე მოგებას იღებს.

შემოსავლების ზრდამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი Walt Disney-ის პარკების გაფართოებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანიის ცნობით,  დაახლოებით 8%-ით გაიზარდა  კალიფორნიაში მდებარე Disneyland-სა და ფლორიდაში Walt Disney World-ის მოგებაც.

ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა,  რომ კორპორაცია Walt Disney-ის ხელმძღვანელობამ კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიის შეცვლა გადაწყვიტა. ცვლილება უმეტესწილად კომპანიის კინობიზნესის ინდუსტრიას შეეხო, რომელსაც, Walt Disney-ის წარმომადგენელთა მონაცემებით, ბოლო პერიოდში ნაკლები მოგება მოჰქონდა. კომპანიამ გადაწყვიტა, აღარ გადაეღო ისეთი ფილმები, რომელთაც კინობაზარზე პერსპექტივა არ ექნებოდათ და ასევე მათი ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარზე ნაკლები იქნებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კორპორაცია Walt Disney-მ 660 მილიონ დოლარად სტუდია Miramax გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი