ეკონომიკა

„ნუგეში“ უკვე ყველასათვის

8 თებერვალი, 2011 • • 1428
„ნუგეში“ უკვე ყველასათვის

თბილისის ყველა უბანში სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” 2010 წლის  8  დეკემბერს გაიხსნა. მისი მომსახურებით სარგებლობა აქამდე მხოლოდ პენსიონერებს, დევნილებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და იმ სოციალურად დაუცველ პირებს შეეძლოთ, რომლებიც სახელმწიფო დახმარების პროგრამაში არიან ჩართულნი. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პროდუქცია უკვე ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღმოვფხვრათ შიდა სპეკულაცია. სადისტრიბუციო კომპანია და მაღაზია ხშირად თვითონ ადებენ მაღალ ფასს პროდუქციას და სპეკულირებენ, რომ მსოფლიოში ყველაფერი გაძვირდა. სინამდვილეში იმდენად არ გაძვირებულა მსოფლიოში ყველაფერი, როგორც რეალურად ეს  აქაურ ფასებზე აისახა. შიდა სპეკულაციას უშველის ერთადერთი რამ, თუ იქნება კონკურენცია. სწორედ ამიტომ დავუშვით ჩვენ აღნიშნული ქსელის ობიექტების გახსნა. თავიდან ანგარიშსწორება აქ პლასტიკური ბარათებით ხდებოდა, ამჟამად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პროდუქციის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებითაც“- აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, გიგი უგულავამ 7 თებერვალს ვარკეთილში მდებარე „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მონახულებისას გააკეთა.

“ნეტგაზეთს” 7 თებერვალს მერიაში განუცხადეს, რომ „ნუგეშის“ ქსელით სარგებლობა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეეძლო, თუმცა, საპირისპირო განცხადება გააკეთა ტელეკამერების წინ გუშინ ქალაქის მერმა. უგულავას განცხადების შემდეგ „ნუგეშის“ სავაჭრო ქსელი უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, სწორედ ამითაა გამოწვეული ის ფაქტიც, რომ ანგარიშსწორება აღნიშნულ სავაჭრო ქსელში უკვე ნაღდი ფულითაც შეიძლება.

„ნუგეშში“ პროდუქტები სხვა სუპერმარკეტებთან შედარებით გაცილებით იაფი ღირს. როგორც ნეტგაზეთს აღნიშნულ სავაჭრო ქსელში განუცხადეს, 1 კილოგრამი შაქარი 2.30 ლარი ღირს, პური-47 თეთრი, 200– გრამიანი ეკო ფუდის ხაჭო-1.33 ლარი, ხოლო 200– გრამიანი არაჟანი-1.20 ლარი, 1 ლიტრი ზეთი „ოლეინა“ კი 3.75 ლარი ღირს.

საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს „ნუგეშის“ პროდუქციის ყველასათვის ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სავაჭრო ქსელსა და სხვა სუპერმარკეტებს შორის კონკურენციაზე და შეუქმნის თუ არა იგი საფრთხეს მეზობლად მდებარე დიდ თუ პატარა სუპერმარკეტებს.

ეკონომიკის ექსპერტის, მიხეილ დუნდუას თქმით, აღნიშნული სავაჭრო ქსელი, ძირითადად, დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი, ვინაიდან შეძლებული მოქალაქე პროდუქტს მაინც სუპერმარკეტში შეიძენს, სადაც აღნიშნული პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტია, რისკი იმისა, რომ აღნიშნული ქსელი სხვა სუპერმარკეტებსა და ჯიხურებს კონკურენციას გაუწევს, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა, ინფლაცია და მისგან გამოწვეული მაღალი ფასები უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე კონკურენცია.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძეც, მისი თქმით, აღნიშნული სავაჭრო ქსელი დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი, მას ჰყავს გამიზნული სეგმენტი-სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობა, ამიტომ  „ნუგეშის“ სავაჭრო ქსელი დიდ სუპერმარკეტებს კონკურენციის ნაწილში პრობლემებს არ შეუქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი