ეკონომიკა

ელექტროენერგიის ვაუჩერები 10 თებერვლიდან დარიგდება

8 თებერვალი, 2011 • • 1066
ელექტროენერგიის ვაუჩერები 10 თებერვლიდან დარიგდება

ელექტროენერგიის ვაუჩერების ინიციატივა ნიკა გილაურს ეკუთვნის. აღნიშნულ  თემასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერ-მინისტრმა მესტიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა მთავრობას 20-25 მილიონ ლარამდე დაუჯდება.

2 თებერვალს, პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დროს, ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ ვაუჩერების თემასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ყველა აბონენტის რეკვიზიტი უკვე შედგენილია. მინისტრის თქმით, ვაუჩერები 20–ლარიანი იქნება, დარიგება 10 თებერვალს დაიწყება და დაახლოებით 15 მარტამდე გაგრძელდება. მომხმარებელს ვაუჩერის კომპანიაში მიტანა არ დასჭირდება და აღნიშნული თანხა ბარათზე ავტომატურად აისახება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს ვაუჩერის გაჩუქება სურს, აუცილებელია პიროვნების კომპანიაში მისვლა და თანხის დარეგისტრირება სხვა მომხმარებელზე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ელექტრონული ვაუჩერების დარიგება დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყება.

პრესსპიკერის თქმით, აღნიშნულ თემაზე ჯანდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ. მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ეს ქმედება მთავრობის მხრიდან მოსახლეობის თანადგომაა და სახელმწიფო იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინიციატივა ცოტათი მაინც შეამსაბუქებს ინფლაციურ პროცესს ყველა ოჯახში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი