ეკონომიკა

ეგვიპტის ფინანსთა მინისტრი: ჯერჯერობით ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია

8 თებერვალი, 2011 • • 1051
ეგვიპტის ფინანსთა მინისტრი: ჯერჯერობით ეკონომიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია

ეგვიპტეში განვითარებული პოლიტიკური არეულობებიდან ორი კვირის შემდეგ, ქვეყანაში მაღაზიებმა, ბანკებმა, ბენზინგასამართმა სადგურებმა და ქარხნებმა ფუნქციონირება დაიწყეს. თუმცა, ამჟამად ეგვიპტეში მოქმედ ბანკებთან უზარმაზარი რიგები დგას, თანხის განაღდება კი ლიმიტირებულია.

საპროტესტო აქციებმა უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. ეგვიპტის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რთულია იმ დანაკარგის ზუსტად განსაზღვრა, რაც ქვეყანას საპროტესტო აქციების შედეგად მიადგა.

ქაიროს მცხოვრების, სალამაჰ ჰასანის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკვე მთელ ქვეყანას შეეხო. როდესაც საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად დახურულმა ბანკებმა და ფოსტამ ფუნქციონირება დაიწყო,  თითქოს ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდა, მაგრამ აღნიშნულ დაწესებულებებთან რიგები კიდევ შეინიშნება.

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოთვალა, რომ საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 %-მდეა.

ქვეყანაში შექმნილი არეულობის შედეგად უდიდესი ზიანი ტურიზმის სექტორმაც განიცადა – ერთ კვირაში აღნიშნული სფეროს ზარალმა 200 მილიონი ევრო შეადგინა.

ეგვიპტურმა ფუნტმა დოლართან მიმართებში 6–წლიან მინიმუმს მიაღწია, ამის ლოგიკური შედეგი, ეკონომიკის ანალიტიკოსების აზრით, საკვებზე ფასების ზრდა იქნება.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაქმა ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების შედეგად გამოწვეული დაზარალებული ეკონომიკის ასაღორძინებლად მინისტრებთან მოლაპარაკებები გამართა. შაბათს იგი ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ფინანსთა მინისტრს, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრს და ცენტრალური ბანკის მმართველს შეხვდა.

ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის განცხადებით, იანვარში ეგვიპტის ექსპორტი 6%-ით შემცირდა, ხელისუფლება მოსახლეობას დამატებითი საკვებით ამარაგებს  ფასების სტაბილიზაციის მიზნით. BBC-ის კორესპონდენტის, კევინ კონოლის განცხადებით, ეგვიპტეში უკვე გაიზარდა ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა პური და სიგარეტი.

BBC-სთან საუბრისას ეგვიპტის ფინანსთა მინისტრმა, სამირ რადვანმა  აღიარა, რომ ეკონომიკა ძალიან სერიოზულ სიტუაციაშია და მას მუდმივი შეხება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ეგვიპტის ეკონომიკას მყარი ფუნდამენტი გააჩნია და, ჯერჯერობით, აღნიშნული კრიზისის დაძლევა შესაძლებელია.

ეკონომისტების თქმით, ქვეყანაში ნავარაუდევი ეკონომიკური ზრდა 5.3%-დან 3.7%-მდე დავარდა. ანალიტიკოსების განცხადებით, საპროტესტო აქციებისა და ამბოხის მხოლოდ ერთი დღე ქვეყანას მინიმუმ 310 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი