ეკონომიკა

მედვედევმა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური ფონდის ფორმირების განკარგულება გასცა

7 თებერვალი, 2011 • • 1137
მედვედევმა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური ფონდის ფორმირების განკარგულება გასცა

რუსეთის ხელისუფლებამ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური ფონდის ფორმირებისა და ფუნქციონირების თაობაზე წინადადებები პირველი მარტისთვის უნდა წარადგინოს. აღნიშნული განკარგულება  პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში, გასცა, იუწყება РИА “Новости”.

დიმიტრი მედვედევმა მთავრობას იმ მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ წინადადებების მომზადებაც დაავალა, რომლებიც რუსი სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო ორგანიზაციებში განათლების მიღებას შეუწყობენ ხელს.

გარდა ამისა, მედვედევის აზრით, აუცილებელია, კანონში ცვლილებები შევიდეს, რომელიც რუსი სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მიღებული განათლების, კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის ავტომატურ ცნობას ითვალისწინებს.

გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, ცალმხრივად აღიაროს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები და აკადემიური ხარისხი – „ჩვენ მზად ვართ, ცალმხრივად ვცნოთ წამყვან უცხოურ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მიღებული განათლება, კვალიფიკაცია და აკადემიური ხარისხი“-განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ისიც დაავალა, რომ კანონში ცვლილებების შესატანად შესაბამისი წინადადებებიც წარადგინონ, რომელიც საზღვარგარეთ მიღებული განათლების ავტომატურ ცნობას ითვალისწინებს-იუწყება სააგენტო “Интерфакс”.

მედვედევის მიერ გაცემულ განკარგულებაზე პასუხისმგებელ პირად პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი დაინიშნა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა მედვედევმა პირველად დავოსში გააჟღერა ფონდის შესახებაც, რომელიც სახელმწიფო თანხებით შეიქმნება და სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება- „უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სუვერენული ფონდი, რომელიც უცხოურ ინვესტორებთან ერთად გაიზიარებს რისკებს, ერთობლივი ინვესტიციებით რუსული ეკონომიკის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში.“

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის მიზანს წარმოადგენს რუსეთში უცხოელი სპეციალისტების მოზიდვა, რომელთაც შეეძლებათ, რუს კოლეგებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება და ცოდნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი