ეკონომიკა

სურსათის რეკორდული ფასები მსოფლიოსა და საქართველოში

4 თებერვალი, 2011 • • 1966
სურსათის რეკორდული ფასები მსოფლიოსა და საქართველოში

მსოფლიოში სურსათზე ფასებმა იანვარში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) იტყობინება.

აღნიშნული ორგანიზაციის საკვების ფასის ინდექსმა, რომელიც სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტების საბითუმო ფასს ზომავს, იანვარში 231 ქულას მიაღწია-ეს უმაღლესი მაჩვენებელია 1990 წლის შემდგომ, რაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ აღნიშნული ინდექსის გამოთვლა დაიწყო. მან დეკემბრის თვის შემდგომ 3.4 %-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი პროდუქტების ინდექსი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე 2008 წლის ივნისში იყო, როდესაც საკვებზე გაზრდილმა ფასებმა ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა– კამერუნი, ჰაიტი და ეგვიპტე.

მსოფლიოში მარცვლეულზეც, კონკრეტულად კი, ხორბალზე გაიზარდა ფასები, რისი მიზეზიც ავსტრალიაში სტიქიური წყალდიდობები გახდა, ხოლო ავსტრალია კი  ხორბლის უმთავრესი ექსპორტიორია მსოფლიოში. რაც შეეხება ბრინჯს, მისი ფასები მსოფლიოში უმნიშვნელოდ დაეცა.  რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? ქვეყანაში პურის ფასმა მოიმატა; თუ ადრე მისი ფასი 55-75 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ახლა პურის ფასი 60 თეთრიდან იწყება. ანუ, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები ქართულ ბაზარზე პირდაპირ აისახა და პური საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა.

მსოფლიო მასშტაბით ფასების მატება განსაკუთრებით რძის პროდუქტებზე დაფიქსირდა, დეკემბრის თვის შემდეგ მსოფლიოში მისმა ფასმა 6.2 %-ით მოიმატა, ფასების მატება განპირობებული იყო მომარაგების დაბალი დონით და მოსახლეობის მაღალი მოთხოვნილებით განვითარებადი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა– ჩინეთი და ინდოეთი.  რძის პროდუქტები საქართველოშიც გაძვირდა, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ნაწილი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ნეტგაზეთთან საუბარში კომპანია სანტემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხში კომპეტენტური პირი რამოდენმე დღის განმავლობაში კომპანიაში არ იქნებოდა, სავარაუდოდ, ფასების ზრდის მიზეზი კი თავად ნედლეულზე ფასების ზრდაა. ხოლო „ეკო-ფუდის“ ცნობით, უკვე რამოდენიმე დღეა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი  შეხვედრებზე იმყოფება. რაც შეეხება „ნიკორას“, კომპანიაში აცხადებენ, რომ რძის პროდუქტები არ გაძვირებულა, ამ ეტაპზე ყველაფერი მომწოდებელზეა დამოკიდებული, თუ ნედლეული გაძვირდა, შესაბამისად, პროდუქტიც გაძვირდება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტებზე ფასების მატება არ იგეგმება. რაც შეეხება კომპანია „სოფლის ნობათს“, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მომავალი კვირიდან აღნიშნული კომპანიის ზოგიერთი დასახელების პროდუქტზე ფასების მატება მომავალი კვირიდან 4%-ით იგეგმება.

შაქრის ფასი მსოფლიოში კვლავ მაღალია აღნიშნული პროდუქტის მცირე მარაგის გამო. თავის მხრივ, შაქრის დეფიციტისა და მასზე ფასების ზრდის მიზეზი ავსტრალიაში წარმოქმნილი ციკლონია, რომელმაც შაქრის ლერწამს დიდი ზიანი მიაყენა. შაქრის ფასმა საქართველოშიც მოიმატა, გარდა ამისა, აღნიშნულ პროდუქტზე გაზრდილი ფასისა და საზოგადოების შეშფოთების გამო მომავალში  შაქარზე მოსალოდნელ დეფიციტთან დაკავშირებით, მოსახლეობის მხრიდან შაქრის დიდი ოდენობით მომარაგება გამოიწვია, რის გამოც სუპერმარკეტებსა და საბითუმო მაღაზიებში მისი მარაგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამოიწურა. შაქრის საშუალო ფასი ამჟამად 2.45-დან 3 ლარამდეა.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა,  რობერტ ზოელიკმა მსოფლიო ლიდერებს სთხოვა, პრიორიტეტი საკვების საკითხის მოგვარებას მიანიჭონ და საკვები პროდუქტების არამდგრადი ფასები დაარეგულირონ. მისი თქმით, მსოფლიო შეიძლება სასურსათო პროდუქტებზე ფასების უფრო მეტად ზრდის  პირისპირ აღმოჩნდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი