ეკონომიკა

შეთანხმება ტყიბულის თბოელექტროსადგურში ინვესტირებაზე

3 თებერვალი, 2011 • • 1037
შეთანხმება ტყიბულის თბოელექტროსადგურში ინვესტირებაზე

დღეს “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში” შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დასავლური საინვესტიციო, საკრედიტო და საინჟინრო-საპროექტო კომპანიების მენეჯერები მონაწილეობდნენ.

კერძოდ, შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები: ჩეხური საინჟინრო-სამშენებლო კომპანია “ენერგია”, ჩეხური “შკოდა ინვესტი”, “სოსიეტე ჟენერალი”, ჩეხეთის “კომერც ბანკი” და ბანკი “რესპუბლიკა”, ასევე ჩეხურ-გერმანული საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია CZMT და ჩეხეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია EGAP.

შეხვედრის მიზანი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ (GIG) მიერ ასეულობით მილიონი ევროს ღირებულების 2 პროექტის განახორციელება იყო, რის შესახებაც პირველადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. აღნიშნული გარიგება “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” ტყიბულში ქვანახშირზე მომუშავე 300–მეგავატიანი თბოელექტროსადგურის და ქვანახშირის ახალი მაღაროების განვითარების საშუალებას მისცემს.

რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას, მას “სოსიეტე ჟენერალის” ჩეხური “კომერც ბანკი” და ქართული ბანკი “რესპუბლიკა” უზრუნველყოფენ. საკრედიტო შეთანხმებას ჩეხური მხარე დააზღვევს, თბოსადგურის ტექნიკური კონცეფცია კი კომპანია „კოლენკომ“ შექმნა.

ორივე პროექტის შემთხვევაში საინჟინრო შესყიდვებისა და ძირითად სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო პროცესი დასავლურ კომპანიებთან უკვე 1 წელიწადია მიმდინარეობს.

როგორც პარტნიორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ GIG-ის ბიზნეს–პროექტების განვითარების დირექტორმა, გიორგი ცანავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტების განხორციელება დადებით ეფექტს არა მხოლოდ „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“, არამედ მთლიანად საქართველოს მოუტანს:

„მიღწეული პირველადი შეთანხმებით ჩეხური კომპანიები „ენერგია” და „შკოდა ინვესტი”, პროექტში მონაწილეობაზე თანხმობას აცხადებენ. საუბარია ასეულობით მილიონი ევროს ინვესტიციის განხორციელებაზე, პროექტის ფარგლებში ტყიბულის მაღაროში ნახშირის მოპოვების მაჩვენებელი გაათმაგდება, დაინარგება ახალი ტექნოლოგიები და გაიზრდება უსაფრთხოება, პროექტების განხორციელების შედეგად დამატებით შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი,“ – განაცხადა გიორგი ცანავამ.

როგორც „კომერც ბანკის“ ვიცე–პრეზიდენტმა, პაველ ვასელბაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, პროექტის ღირებულება 500 მლნ ევროზე მეტია:

„ამ ეტაპზე განვიხილავთ დეტალებს, თუ რა ოდენობის თანხა უნდა იქნას გამოყენებული ინვესტორების მიერ და რა თანხას გაიღებს „კომერც ბანკი“. პროექტი ორი ნაწილისგან შედგება და თითოეულის სავარაუდო ღირებულება 50–დან 200 მილიონ ევრომდეა“.

„შკოდა ინვესტის“ წარმომადგენლის, მილოშ მოსტეცკის თქმით, კომპანიამ 38 ათასი მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურები მთელ მსოფლიოში, ჩინეთიდან ლათინურ ამერიკამდე, ააშენა.

„გვსურს, საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს და ვაპირებთ საქართველოში 300–მეგავატიანი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც ქვანახშირით მომარაგდება. სამუშაოებს უახლოეს მომავალში დავიწყებთ, თუმცა, ამჯერად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მზად ვართ პროექტის განსახორციელებლად,“ – განაცხადა მოსტეცკიმ.

პროექტის განხორციელებას GIG, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყებს. ახალი თბოელექტროსაგურის მშენებლობა 4 წელში დასრულდება.

რაც შეეხება საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს(GIG), იგი 2006 წელს დაარსდა. ჰოლდინგი აერთიანებს და მართავს კომპანიებს ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავების, სამშენებლო მასალების წარმოების, ლოჯისტიკური მომსახურების, დეველოპმენტის, მედია-ბიზნესის და სხვა სფეროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი