ეკონომიკა

ორმაგ დაბეგვრას კიდევ ორ ქვეყანასთან ავიცილებთ

3 თებერვალი, 2011 • • 1500
ორმაგ დაბეგვრას კიდევ ორ ქვეყანასთან ავიცილებთ

დღეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 20 დეკემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას  ”საქართველოს მთვრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თვიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და  საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას ”საქართველოს მთვრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.  ასევე შეთანხმების ოქმს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ  მოლაპარაკებები ინიცირებულია შემდეგ ქვეყნებთან: არგენტინა, უნგრეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა, ბელიზი, მარშალის კუნძულები,  პანამა, ბრაზილია, ლიხტენშტაინი, იორდანია, ნორვეგია, პორტუგალია, სეიშელის კუნძულები და ბელარუსი.

საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრა გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ორ და მეტ სახელმწიფოში ერთი და იგივე გადასახადის გადამხდელი ერთი და იმავე გადასახადით იბეგრება დროის ერთი და იმავე პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორმაგი დაბეგვრა გულისხმობს ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირებული გადასახადების დაბეგვრის პრინციპს, როცა ერთი და იგივე წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა ხდება ორჯერ.

აქტუალურია საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესაძლებლობის ორი მეთოდი:

•           განთავისუფლების მეთოდი

•           ჩათვლის მეთოდი

განთავისუფლების მეთოდის შესაბამისად, სახელმწიფოები უარს აცხადებენ იმ გადასახადით ობიექტის დაბეგვრაზე, რომელიც იბეგრება სხვა სახელმწიფოში. ამისათვის სახელმწიფოები შემუშავებენ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებებს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები მნიშვნელოვნად აიოლებს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებას. 

ჩათვლის მეთოდი წარმოადგენს საზღვარგარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლას საკუთარ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მოცემულ ქვეყნებს შორის რაიმე ტიპის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

ამგვარად, ორმაგი დაბეგვრა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ორი ძირითადი საშუალებით: ცალმხრივად, ანუ იმ დროს, როდესაც გამოიყენება ქვეყნის შიდა საგადასახადო კანონმდებლობა და მრავალმხრივად, როდესაც ქვეყნები აფორმებენ ხელშეკრულებებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი