ეკონომიკა

ლიზინგის განვითარების ახალი ინიციატივა ფინანსთა სამინისტროსგან

2 თებერვალი, 2011 • • 1115
ლიზინგის განვითარების ახალი ინიციატივა  ფინანსთა სამინისტროსგან

ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სალიზინგო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე  მინისტრმა მათ ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიზანია საქართველოში ლიზინგის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავება და ამ კონცეფციის მიხედვით ახალი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება.

მინისტრის განცხადებით,  პროექტი სალიზინგო სექტორის განვითარების მიმართულებით განხორციელდება, რაც, თავის მხრივ, დაზგა-დანადგარების და სხვა ტექნიკის უფრო იაფად შეძენის საშუალებას იძლევა, ეს კი ბიზნეს-საქმიანობის დაწყებას უფრო მარტივს გახდის.  აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორს, საშუალო და მცირე წარმოებას ეხება. სალიზინგო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან და ახალი საკანონმდებლო ინიციატივა 2-3 თვეში ამუშავდება.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს აქტივების დაფინანსების ახალი წყაროების შექმნას, პროდუქტების განვითარებას და ამ სფეროში ახალი ტიპის ინვესტიციების მოზიდვას; საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულის შექმნას სალიზინგო ბაზრის განვითარების გზით; ტექნიკის შეძენის ფინანსირების ალტერნატიული, საბანკო სესხებზე იაფი ინსტრუმენტის ჩამოყალიბებას; საერთაშორისო მწარმოებლების ინტერესის გაზრდას საქართველოს ბაზარზე, რაც გაზრდის მათ მიერ საქართველოში იმპორტის მოცულობას და მათ პროდუქციაზე ფასების ხელმისაწვდომობას; საქართველოში საერთაშორისო სალიზინგო ტრანზაქციების შესაძლებლობის შექმნას, რაც დარგის რეგიონალური განვითარების შესაძლებლობას შექმნის.

კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბებული კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან შეთანხმდება  და დასამტკიცებლად  პარლამენტს წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი