„რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი კუდრინმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ქვეყნის რიგით მეორე ბანკის, ვითიბის აქციების 20% პრივატიზაციის მიზნით გაიყიდება. 2010 წელს რუსეთის ფედერაცია აღნიშნული ბანკის აქციების 10%-ის გაყიდვას გეგმავდა, თუმცა მას 2011 წლის საპრივატიზაციო აქციების რაოდენობაც დაემატა და, საერთო ჯამში, აქციებმა 20% შეადგინა.
როგორც ვითიბი ბანკის მთავარმა დირექტორმა, ანდრეი კოსტინმა აღნიშნა, პირველ პაკეტს, რომელშიც 10%-ის ოდენობის აქციებია შესული, მარტის ბოლოს ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მიჰყიდიან და მისი ფასი საბაზრო ფასს მიუახლოვდება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვითიბი ბანკის 85.5% საინვესტიციო წილის მფლობელი რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოა.
ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული საპრივატიზაციო ქმედებები იმ საორგანიზაციო ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რომელთაც რუსეთი საბანკო სექტორში 2015 წლამდე განახორციელებს. აღნიშნული გეგმები აღმასრულებელ ორგანოებში ამ ეტაპზე განიხილება.