ეკონომიკა

არის თუ არა წლის პირველი თვე პროფიციტული?

2 თებერვალი, 2011 • • 1597
არის თუ არა წლის პირველი თვე პროფიციტული?

მიმდინარე წლის ბიუჯეტის იანვრის შესრულების  მაჩვენებლები ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა შეაფასა:  „2011 წლის იანვარი, გასული წლებისგან განსხვავებით, ფისკალურად კარგი შედეგებით დასრულდა. ზოგადად იანვარში ეკონომიკური აქტივობა, კლიმატური პირობებისა და ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით, ნაკლებია, მაგრამ წელს შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. იანვარში ეკონომიკური აქტივობა შენარჩუნდა. ბიუჯეტში 36,7 მლნ. ლარით მეტი რესურსი იქნა მობილიზებული, რაც ნიშნავს, რომ  სახელმწიფომ 36.7 მლნ. ლარით ნაკლები დახარჯა უკან ეკონომიკაში, ვიდრე ამოიღო. ეს კი ინფლაციის კონტროლის კუთხით ცალსახად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი 2011 წლის განმავლობაში 4,5%-ის დონეზეა დაგეგმილი, მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომ 2011 წლის პირველი ნახევარი სტაბილური იყოს. ვცდილობთ, ვიდრე ტურისტული სეზონი დაიწყება, იქნება სავალუტო შემოდინება და მოსახლეობა მოსავალს აიღებს, რაც ფასების დასტაბილურებას შეეშველება, ყოველი თვის ბიუჯეტი იყოს სტაბილური,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.  

კახა ბაინდურაშვილის განცხადებით,  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ხარჯზე, რასაც ეროვნული ბანკი მიმართავს და ის ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ატარებს, საერთო ჯამში, შედეგს გამოიღებს და ინფლაციური წნეხი შესუსტდება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იანვრის თვის შემოსავლების მაჩვენებლებზეც.  „2011 წლის იანვრის შემოსავლები საკმაოდ წარმატებული იყო. წლის პირველ თვეს ბიუჯეტში შემოსავლებმა 443.1 მლნ ლარი, ხარჯებმა 406.4 მლნ ლარი შეადგინა. გადასახადების სახით იანვარში 396.1 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. იანვრის შემოსავლები ცალსახად მიუთითებს, რომ წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება”,-განაცხადა მინისტრმა. იანვრის თვის პროფიციტმა წლიურ მშპ-სთან მიმართებაში 0,2 % შეადგინა. 

ეკონომიკურ თეორიაში ბიუჯეტის პროფიციტი არის სიტუაცია, როდესაც ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები აღემატება ხარჯებს, თუმცა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ბიუჯეტის პროფიციტი სხვაგვარადაა განმარტებული. კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – ბიუჯეტის დეფიციტი.

საბიუჯეტო კოდექსში მოცემული დეფინიციის თანახმად, ფინანსთა მინისტრის მიერ მოწოდებული მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრის თვის ბიუჯეტი პროფიციტული იყო, თუმცა კლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში მოცემული დეფინიციის მიხედვით, იანვრის თვის ბიუჯეტი ცალსახად დეფიციტურია და ეს დეფიციტი ათ მილიონ ლარს აღემატება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი