ეკონომიკა

„არამიანცის“ კლინიკების პირველი ინვესტორი დანიელ გუფთაა

1 თებერვალი, 2011 • • 3122
„არამიანცის“ კლინიკების პირველი ინვესტორი დანიელ გუფთაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, „არამიანციის“  საავადმყოფოს კომპლექსში შემავალი კლინიკების პრივატიზაციის თემასთან დაკავშირებით, დღეს ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრივატიზაციების საკითხებში სამინისტროს პრეს-სპიკერმა, გიორგი კალანდაძემ განაცხადა, არამიანცის ტერიტორიაზე განლაგებული ოთხი კლინიკა საჯარო აუქციონებზე 2 290 000 ლარად გაიყიდა.  

კალანდაძის თქმით, ინვესტორს ობიექტის სამედიცინო პროფილის შვიდი წლის განმავლობაში შენარჩუნება ევალება. სამინისტრო კლინიკების გაყიდვის შემდეგ იმედოვნებს, რომ  მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება, რის შედეგადაც თბილისში  აშენდება თანამედროვე საავადმყოფო, რომელიც მაღალი დონის სერვისით იქნება აღჭურვილი.

პირველი ინვესტორი არამიანცის კლინიკებში დანიელ გუფთაა. მან ბოლო დროს ჩატარებულ აუქციონზე 4 კლინიკა შეიძინა. დანიელ გუფთა კომპანია „ამტელ-პროპერტიეს“ წარმომადგენელია. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა– სინგაპური, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, ინდოეთი, გაერთიანებული სამეფო.

შემდეგი აუქციონი 8 თებერვალს ჩატარდება და გამოტანილი იქნება არამიანცის ტერიტორიაზე მდებარე კიდევ სამი კლინიკა: “თორაკო-აბდომინალური კლინიკის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 2 მილიონი ლარი; სს “თბილისის ექსპეტიმერული სამშობიარო სახლის” 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 850 ათასი ლარი და ანესთეზიოლოგიური კლინიკის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100-პროცენტიანი წილი – საწყისი ფასი 50 ათასი ლარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი