ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშავა

1 თებერვალი, 2011 • • 1034
ფინანსთა სამინისტრომ კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია შეიმუშავა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რუსუდან კემულარიამ 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე კონტრაბანდის წინააღმდეგ საბრძოლველად სამინისტროს ახალი სტრატეგია გამოაცხადა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში კონტრაბანდის წინააღმდეგ ადმინისტრირების გამკაცრებისა და ერთჯერადი აქციების მიუხედავად, ბაზარზე მაინც ხვდება საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს მიერ პირველი თებერვლიდან ამოქმედდება ახალი რეგულაცია, რომლის მიზანია სრულად აღკვეთოს კონტრაბანდული საქონლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და შეუწყოს ხელი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. ახალი რეგულაციის თანახმად, სახმელეთო საბაჟოებიდან აიკრძალება ვაჭრობისათვის საქონლის შემოტანა არაორგანიზებული გზით, რაც გულისხმობს შემდეგს: აიკრძალება ვაჭრობისთვის ხელით საქონლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე; აიკრძალება ვაჭრობისთვის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე.  სავაჭროდ განკუთვნილი საქონლის შემოტანა დასაშვები იქნება მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, რუსუდან კემულარიას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს „ახალი კურსის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სახელმწიფომ ბიზნესს სამართლიანობის პრინციპზე დამყარებული ადმინისტრირება შესთავაზოს. სამართლიანი ადმინისტრირება კი გულისხმობს ბიზნესის დაცვას არაჯანსაღი კონკურენციისა და კონტრაბანდისგან და გამონაკლისის გარეშე ყველა გადამხდელის თანაბარ პირობებში ჩაყენებას.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად,  2009 წლის 11 თვეში საქართველოში საბაჟო წესების დარღვევის  56, ხოლო 2010 წლის 11 თვეში 69 დარეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი