ეკონომიკა

იურიდიული პირების დაკრედიტების უდიდესი ნაწილი ვაჭრობაზე მოდის

31 იანვარი, 2011 • • 1288
იურიდიული პირების დაკრედიტების უდიდესი ნაწილი ვაჭრობაზე მოდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2010 წლის განმავლობაში 20.8 პროცენტით, ანუ 1.1 მლრდ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1 იანვრისათვის 6.3 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 35.7 პროცენტით, ანუ 427.5 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 16.3 პროცენტით, ანუ 647.7 მლნ ლარით.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 51.7 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2010 წლის განმავლობაში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 36.8 პროცენტით, ანუ 502.6  მლნ ლარით გაიზარდა და 1.9 მლრდ ლარს მიაღწია. 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 21.5 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი იანვრისათვის 776.2 მლნ ლარით განისაზღვრა, აღნიშნული მაჩვენებელი 14.8 პროცენტით, ანუ 101.1 მლნ ლარით მეტია 2010 წლის პირველი იანვრის მაჩვენებელზე; 10.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 384.5 მლნ ლარია (12.7 პროცენტით, ანუ 43.4 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 83.9 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის (ნაცვლად 80.0 პროცენტისა 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობასთან შედარებით).

2010 წლის განმავლობაში 16.4 პროცენტით, ანუ 329.9 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მასალების გადაბეჭდვის წესი