ეკონომიკა

თურქი ინვერსტორები საქართველოთი დაინტერესდნენ

31 იანვარი, 2011 • • 1313
თურქი ინვერსტორები საქართველოთი დაინტერესდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მიმართ თურქი ინვესტორების ინტერესი იზრდება, კერძოდ კი ისეთი სფეროების მიმართ, როგორებიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გემთმშენებლობა და ტექსტილის წარმოება. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ 24-25 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვერა ქობალია თურქეთში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ვერა ქობალია თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, იგი უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას და შავიზღვისპირეთში გემთსაშენისთვის ადგილის შერჩევას აპირებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ფილიალის გახსნას თურქეთის უმსხვილესი კომპანია „ათა ჰოლდინგიც“ გეგმავს, რომელიც თურქეთში მსხვილი ტურისტული კომპლექსების აშენებითა და მართვით, აგრეთვე, ტექსტილის სფეროთია დაკავებული.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელება აქვს დაგეგმილი, ასევე, თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელიც თურქეთის უმდიდრეს ადამიანთა შორისაა და „აჯარ ჰოლდინგ“-ს ხელმძღვანელობს. მისი ინტერესის მთავარი სფერო საქართველოს ტურიზმი და კონკრეტულად კი ანაკლიაა.

დაგეგმილია ასევე „მედიკალ-პარკის“ საავადმყოფოს მშენებლობა ბათუმში.

კონკრეტული შეთანხმებები თანამშრომლობის სფეროში თურქეთის საქმიანი წრეების საქართველოშო ვიზიტისას გაფორმდება.

თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული ვიზიტის მთავარ მიზანს ინვესტიციების მოზიდვა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი