28 იანვარს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სტატისტიკის წარმოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ის საერთშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიების რეკომენდაციებს ეფუძნება და მათ შორის თანამშრომლობის ჩარჩოებს განსაზღვავს.
აღნიშნულ მემორანდუმს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიხედვით, ისინი ინფორმაციის ურთიერთგაცვლას გაამარტივებენ და მემორანდუმის ფარგლებში, ფორმალობის გარეშე, შეუფერხებლად იმუშავებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი და სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელმოწერილი მემორადუმის საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ თავიანთ სტატისტიკურ საქმიანობაში, გაეროს სტატისტიკური კომისიის „ოფიციალური სტატისტიკის ფუნდამენტური პრინციპებით“, საქართველოს კანონით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ იხელმძღვანელებენ.
„ბოლო პერიოდში სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავების მეთოდოლოგია მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ეს მემორანდუმი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ პროცესის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
საქართველოს სტატისტიკის სისტემა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სახითაა წარმოდგენილი. ისინი ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების წარმოებასა და გავრცელებაზე, ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, თანაბრად ინაწილებენ პასუხისმგებლობას.