საქართველოში დღეს არც თუ იშვიათი შემთხვევაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ადამიანის დაჯარიმება. საკმაოდ ხშირია საუბარი იმაზე, თუ როგორ „ივსება“ ბიუჯეტი სხვადასხვა ტიპის ჯარიმების ხარჯზე. შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ეს ასეც ხდებოდეს, თუმცა, რეალურად ზემოთ აღნიშნული კოდექსის ძირითად ამოცანას საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების, კანონიერი ინტერესების, მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა წარმოადგენს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დეტალურად არის განსაზღვრული, თუ რომელი მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის არის დაწესებული ადმინისტრაციული სახდელი და ვინ არის უფლებამოსილი, დაადოს იგი სამართალდამრღვევს, რადგან მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლით და წესით შეიძლება შეეფარდოს პირს სამართალდარღვევისთვის ზემოქმედების ზომა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება კანონიერების მკაცრი დაცვით უნდა მოხდეს, რისთვისაც არ არის საკმარისი მხოლოდ ზემდგომი ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ ამ პროცესების კონტროლი. სასურველი შედეგის მისაღებად მოქალაქეთა მხრიდან მათი უფლებების გამოყენებაცაა საჭირო, ისეთი უფლებისა, როგორიცაა გასაჩივრების უფლება და კანონმდებლობით დადგენილი უფლების დაცვის სხვა საშუალებები. გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
თუ კოდექსი კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულ წესს არ ადგენს, ერთი და იგივე დარღვევისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და საქართველოს მოქალაქეს თანაბრად დაეკისრებათ პასუხისმგებლობა.
მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისას უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, დააჯარიმოს სამართალდამრღვევი ან მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლოს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ პირებს, რომლებსაც სამართლდარღვევის მომენტისთვის არ შესრულებიათ 16 წელი.
თუკი აქამდე გქონდათ შესაძლებლობა, გაცნობოდით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო მუხლს აღმოაჩენდით. შევეცადე მათ შორის ამომერჩია ყველაზე საინტერესო და, ამავდროულად, აქტუალური სამართალდარღვევები და შესაბამისი პასუხისმგებლობები.
2011 წლის 1 იანვრიდან ფილმის კინოდარბაზში ჩვენება პირველადი წარმოების ენაზე, სახელმწიფო ენაზე სავალდებულო სუბტიტრების ან გახმოვანების პირობების დაუცველად, ანდა ფილმის არაპირველადი წარმოების ენაზე ჩვენება დემონსტრატორის 1 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის დამრღვევს, ჯერ 3 000, ხოლო შემდგომ 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობისთვის 1000–დან 1500 ლარამდე, ხოლო უკანონო სამედიცინო-საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობისთვის განსაზღვრული ჯარიმა 1000 ლარიდან 2000–მდე გაიზარდა.
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. გამონაკლის შემთხვევებში, თუ ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, მაშინ, ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
როგორც ირკვევა, ფოთლების და საბურავების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარებში დაწვისას, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისათვის, შესაძლოა პიროვნებამ საკუთარი ბიუჯეტი 400–დან 600 ლარამდე, ხოლო ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობისათვის კი, რამაც მათი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალებისთვის შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობით აზარალოს.
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ასევე ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, 2010 წლის 16 ივლისამდე ფიზიკური პირის 600 ლარით დაჯარიმებას იწვევდა, დღეისათვის კი ფიზიკური პირის გაფრთხილებას, განმეორების შემთხვევაში კი 100 ლარით დაჯარიმებას გულისხმობს, იურიდიულ პირსა და დაწესებულებას კი 15 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის ან გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა, გამოიწვევს დაჯარიმებას 3 ლარით, ხოლო უბილეთო მგზავრობა, ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით), 5 ლარის ოდენობით.
ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრა სამართალდამრღვევის 50 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ალბათ, წინასწარ უნდა გქონდეს გადადებული 200 ლარი, თუ ავტომობილის მართვას „ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში“ გადაწყვეტ. 2010 წლის 1 აგვისტომდე აღნიშნული ჯარიმის ოდენობა 150 ლარს შეადგენდა. იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენი საკუთარი ავტომობილის მართვის უფლებას ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირს მისცემთ, მაშინ კიდევ უფრო მეტი თანხის, კერძოდ კი 250 ლარის გადახდა მოგიწევთ, აღნიშნული ჯარიმა 70 ლარით არის გაზრდილი. სიტუაცია მძიმდება, თუ სიმთვრალე არა ალკოჰოლური, არამედ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებით არის გამოწვეული, ამის გამო სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა მართვის უფლება. ალბათ, სწორედ ეს არის მიზეზი სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მაგრამ ამით პიროვნების მდგომარეობა არ უმჯობესდება, რადგანაც შემოწმებისთვის თავის არიდება, თავის მხრივ, იგივე ვადით იწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას.
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მის მფლობელს, ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევის გამო, შესაძლოა ჩამოერთვას 15 დღიდან 3 წლამდე.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მშობლების ან სხვა პირთა მიერ არასრულწლოვანის დათრობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.
შესაძლოა არ იყო არც ალკოჰოლური, არც ნარკოტიკული და არც ფსიქოტროპული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მაგრამ მაინც მოიპოვო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის სტატუსი, ეს ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება მოხდეს, მაგალითად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მისგან მარჯვენა (მარცხენა) მხარეს მჯდომი მგზავრი, საავტომობილო გზაზე უსაფრთხოების ღვედს არ გამოიყენებს, ამის გამო სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უკვე 20 ლარის ნაცვლად 40 ლარის გადახდა მოუწევს და მოპოვებული სტატუსი მხოლოდ მაშინ გაქარწყლდება, თუკი სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში აღარ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
ბოლო პერიოდში ძალზედ აქტუალური გახდა იმ პირების 50 ლარით დაჯარიმება, რომლებიც ისეთ სატრანსპორტო საშუალებას მართავენ, რომლის მინებიც დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობის გარეშე.
თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსსა და მატარებელში, ასევე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციებისა და მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურულ შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, სადაც აკრძალულია მაგარი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია და მოხმარება, თამბაქოს მოწევისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილის ფარგლებს გარეთ ხუთი ლარი, სკოლამდელი აღზრდის, ყველა სახის სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში 10 ლარი, ხოლო მეტროპოლიტენის სადგურებსა და ვაგონებში 20 ლარი დაგიჯდებათ.
პროსტიტუცია გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე.
წვრილმანი ხულიგნობისთვის, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებისთვის, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებისა და სხვა ამგვარი მოქმედებისთვის, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, სამართალდამრღვევს 100 ლარის გადახდა მოუწევს, მაგრამ თუ წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის პირებს არა აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი, ჯარიმის გადახდა მშობლებს ან მათ შემცვლელ პირებს მოუწევთ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დადებული ჯარიმის თანხა დამრღვევს საბანკო დაწესებულებაში შეაქვს, აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად.
თუ დამრღვევი ჯარიმას განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის, დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან მოხდება. შემოსავლის არ არსებობის შემთხვევაში დამრღვევს პირადი ქონებით ან საერთო საკუთრებაში არსებული მისი წილით მოუწევს პასუხისგება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახდელის დადებისას, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მონაცემებით, 2010 წელს ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 2036 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 29 %–ია გახსნილი. მათ შორის სასიკვდილო შედეგით დასრულდა 315. რაც შეეხება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებს, დაფიქსირებული 3721–დან 196 იყო ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი და 1200 სიჩქარის გადაჭარბებით. გადასახადისაგან თავის არიდების 216 ფაქტიდან მხოლოდ 10,2%–ია გახსნილი.
2010 წელს საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევის ხაზით სულ 319058, გარემოს დაცვის სფეროში 3420, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში 3932, მართველობის დადგენილი წესის დარღვევის 5068 და ნარკოტიკების უკანონო მოხმარება–შენახვის 6290 შემთხვევა დაფიქსირდა.