ეკონომიკა

მაკდონალდსი პროდუქციაზე ფასების ზრდას გეგმავს

25 იანვარი, 2011 •
მაკდონალდსი პროდუქციაზე ფასების ზრდას გეგმავს

მაკდონალდსმა 2010 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მისი მოგება გლობალურ ბაზარზე 9 %-ით გაიზარდა და, ჯამში, სუფთა მოგებამ 4.95 მილიარდ დოლარს მიაღწია.

2010 წლის ბოლოს აშშ-ში მაკდონალდსის გაყიდვები 2.6 %-ით გაიზარდა, რაც  ანალიტიკოსების ვარაუდს არ შეესაბამება, ისინი  3.9 % ზრდას წინასწარმეტყველბდნენ. რაც შეეხება ევროპას, აქ მაკდონალდს, ტრადიციულად, ყველაზე დიდი მოგება საფრანგეთმა და რუსეთმა მოუტანა. ცუდი ამინდების მიუხედავად, ზრდა შეინიშნება ევროპის კიდევ ორ მსხვილ ბაზარზე, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში.

სწრაფი კვების გიგანტი 2011 წელს პროდუქციაზე ფასების ზრდას გეგმავს, რადგან მაკდონალდსისთვის საჭირო ინგრედიენტების ფასები მსოფლიოში დღითიდღე იმატებს. კომპანიის ოფიციალური პირების განცხადებით, ფასების მატება მხოლოდ ისეთ ქვეყნებში მოხდება, სადაც შედარებით მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა ცხოვრობს, რათა დაბალგანვითარებად ქვეყნებში თავიდან იქნას აცილებული მაკდონალდსის გაყიდვების კლება. სავარაუდოდ, ფასების მატება შეეხება ყველა პოპულარულ პროდუქტს და  ისინი დაახლოებით 2-4.5 %-ით გაძვირდება.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის „მაკდონალდსში“ განუცხადეს, მათ ფასების მატების შესახებ ჯერ არ სმენიათ და, სავარაუდოდ, საქართველოში მაკდონალდსის პროდუქციაზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი