ეკონომიკა

ლარმა ვარდნა განაახლა

25 იანვარი, 2011 •
ლარმა ვარდნა განაახლა

მცირედი “შესვენების” შემდგომ ეროვნულმა ვალუტამ – ლარმა ევროსთან და დოლართან მიმართებაში ვარდნა განაგრძო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 იანვარს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.8087 ლარით, ხოლო ერთი ევროს ღირებულება 2.4539 ლარით განისაზღვრა. 24 იანვარს კი ერთი აშშ დოლარის შეძენა 1.8085 ლარად, ხოლო ერთი ევროს შეძენა კი 2.4482 ლარად იყო შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარის გაუფასურება, ძირითადად, საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული.

„მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულად ძალიან შეზღუდულები ვართ, გავლენა ვიქონიოთ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ფასების ზრდაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ. ეროვნული ბანკი უკვე ექვსი თვეა გადავიდა გამკაცრების პოლიტიკაზე, ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. იანვრის თვიდან თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელიც“ – ჯერ კიდევ 21 იანვარს განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წლის 18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი გაიყიდა, თუმცა ეს ინტერვენცია ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი