ეკონომიკა

გთხოვ, „გამიიაფე“ სესხი!

25 იანვარი, 2011 • • 1161
გთხოვ, „გამიიაფე“ სესხი!

მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ბანკ „რესპუბლიკის“ მიერ  შემოთავაზებული იქნა პროექტი ე.წ. „გაიაფებული სესხების აქცია“, შეიძლება ითქვას, რომ მსესხებლებსა და კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო. სულ უფრო მეტი მოქმედი მსესხებელი აკითხავს სესხის გამცემ კომერციულ ბანკს და ადრე აღებულ სესხებზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემცირებას ითხოვს.

ბუნებრივია, ორი სუბიექტის ურთიერთობაში ყველა საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს, თუმცა ხშირად ამ ლეგიტიმურ ინტერესებს დისკუსიაში მონაწილე ორივე მხარე საკუთარ ინტერპრეტაციებს აძლევს. მაგალითად, ხშირად ხდება ისე, რომ კლიენტი მიდის კომერციულ ბანკში, ითხოვს კრედიტზე პროცენტის შემცირებას, ამის მაგალითად კი „სხვა ბანკის მიერ მეგობრისთვის შემცირებული პროცენტი“ მოჰყავს, თუმცა, არანაირი სხვა არგუმენტი, ან სრული ინფორმაცია „სხვა ბანკის“ საკრედიტო პირობებზე მას არ გააჩნია.

საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ კლიენტებს არა პარტნიორებად (მიუხედავად ამ მოცემულობის მუდმივი დეკლარირებისა), არამედ სუბიექტებად აღიქვამს, რომელთაგანაც, ნებისმიერი მეთოდით, რაც შეიძლება მეტი ფული უნდა „ამოიღოს“. სესხზე საპროცენტო განაკვეთის დაკლების სურვილით მისული კლიენტების სრულ უმრავლესობას კომერციული ბანკები ან ძალიან სიმბოლურად უკლებენ პროცენტს, ან საერთოდ უარს ეუბნებიან საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი ბანკები არ მალავენ საკუთარ არგუმენტაციას, რომელიც, ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ასე ჟღერს: „სხვა გზა მაინც არ გაქვს, ვერსად წახვალ“, ხოლო უფრო რთულად რომ ვთქვათ, საკრედიტო ოფიცრებს აქვთ არგუმენტების კასკადი იმისათვის, რათა ზემოთ აღნიშნული მარტივი თეზა დაამტკიცონ, ეს არგუმენტები კი შემდეგია: ბინა დაუსრულებელ კორპუსშია და სხვა ბანკი იპოთეკით არ დატვირთავს, სხვა ბანკიდან სესხის აღება ახალი სესხის საკომისიოს საჭიროებს, სესხის გადაფარვა სხვა კომერციული ბანკიდან უფრო მეტ საჯარიმო პროცენტს საჭიროებს, ვიდრე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი სესხის გაფორმება შესაძლებელია უკავშირდებოდეს დამატებით ნოტარიულ ხარჯებს, საგირავნო ქონების იპოთეკის მოხსნისა და შემდგომ ახლიდან დატვირთვის ხარჯებს და ა.შ. ცხადია, ყველა ამ პროცედურის შესრულება არც თუ მცირე დროს საჭიროებს.

სწორედ ის ქცევა, რომ „სხვა გზა არ გაქვს, ფული მაინც ჩვენ უნდა გადაგვიხადო”, კომერციული ბანკების ქმედებას ყოფილი ფინანსური პოლიციის ქმედებასთან აიგივებს. კომერციული ბანკების რეალპოლიტიკა არის პრინციპი: „დეკლარირებული პარტნიორობა, მხოლოდ ვალდებულებები ჩვენი ინტერესებისათვის“.

დამაფიქრებელია ისიც, რომ კომერციული ბანკების დიდი ნაწილი კრედიტის გაცემისას საერთოდ არ უხსნის საკუთარ მსესხებელს მოსალოდნელ რისკებს, უფრო მეტიც, ხშირია შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ოფიცრები სესხის აღების მომენტში „ამშვიდებენ“ კლიენტებს – „გადაიხდი, აბა, რა იქნება“. რაც შეეხება სესხის ხელშეკრულებას: საეჭვოა, რომ ამ ხელშეკრულებების შინაარსს რიგითი საკრედიტო ოფიცრები დეტალურად იცნობდნენ, ხოლო კლიენტთა უმრავლესობა მასზე წაკითხვის გარეშე აწერს ხელს და პროტესტს მხოლოდ „საგანგაშო“ ფაქტების წინაშე დადგომის დროს გამოთქვამს.

ცალკე განსახილველი თემაა კომერციული ბანკების ის კლიენტები, რომლებიც, უმრავლეს შემთხვევაში, ბანკს „ძალიან ახლობელ“ ადამიანად განიხილავენ, რომელმაც მას ფული ასესხა და უახლოეს მომავალში დაუბრუნებს. მსესხებლების დიდი ნაწილი ფაქტის დადგომამდე არ ფიქრობს მოსალოდნელ საფრთხეზე. მრავალ მიზეზთა შორის, ე.წ. „კრედიტ ინფოში“ უარყოფითი საკრედიტო რისკის მატარებელ ადამიანთა რიცხვის ზრდა მსესხებელთა მხრიდან სწორედ მოსალოდნელი რისკების უცოდინრობას უკავშირდება.

ნებისმიერ კრიზისს ან ინციდენტს, დიდს თუ მცირეს, ერთი დადებითი მოვლენა ნამდვილად ახასიათებს: ადამიანები ახდენენ მოვლენებისა თუ ქმედებების გადაფასებას. ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ დაიწყო კონფლიქტის ერთი დიდი ეტაპი კომერციულ ბანკებსა და საკუთარ კლიენტებს შორის და ძალიან ბევრმა მსესხებელმა, ისევე როგორც კომერციულმა ბანკმა, დაიწყეს ქმედებების გადაფასება. მცირე ინციდენტად შესაძლებელია განხილულ იქნას, ასევე, ბანკ „რესპუბლიკის“ მიერ შეთავაზებული „გაიაფებული სესხები“, აღნიშნული მცირე ინციდენტის შედეგად, ქმედებები ძირითადად კომერციული ბანკების კლიენტებმა გადააფასეს.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ქცევა, რაც საქართველოში კომერციული ბანკებისთვისაა დამახასიათებელი, ამავე ბანკების უფლებაა, ხოლო ის, რომ მსესხებელთა ორგანიზებული ჯგუფები არ არსებობენ, რომელთაც შეეძლებათ, უკვე საკუთარი უფლებების ორგანიზებულად დაცვა, ცალსახად მსესხებელთა პრობლემაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი