”Facebook” ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში და როგორც ბიზნესი, ინტერნეტ ბაზარზე თანდათან პირველობისკენ მიიწევს. საინტერესოა, აქვს თუ არა დასასრული ”Facebook”-ის წარმატებას. წარმოგიდგენთ კვირის ახალ ამბებს აღნიშნულ ქსელთან დაკავშირებით.
”Facebook”-მა იმ მოლაპარაკების შედეგები გამოაქვეყნა, რომელმაც ქსელს 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია მოუტანა, შეთანხმება მოხდა ”Goldman Sachs”-თან. სოციალური ქსელის ინვესტიციების რიცხვმა, ბოლო პერიოდში, 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია. 500 მილიონი დოლარი ”Facebook”-მა რუსული საინვესტიციო კომპანია ”Digital Sky Technologies”-სგან მიიღო.
”Facebook”-ის საბაზრო ღირებულება 50 მილიარდი დოლარია, რაც აღემატება “yahoo”-სა და “eBay”-ს ღირებულებებს, მაგრამ ჩამორჩება ”Google”-ის და ”Amazon”-ის საბაზრო ფასებს. ”ShareSpost”-ზე დაყრდნობით, ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის კერძო აქციების ფასი 76 მილიარდ დოლარს აღწევს.
“Spiegel”-ის ცნობით, ”Facebook”-ს მეგობრების ძებნის რეჟიმის შეცვლა მოუწევს. იგულისხმება სოციალური ქსელის მიერ ყოველდღიურად გაგზავნილი მეილები, რომლებიც ადამიანებს ქსელში ეპატიჟებიან და თან ისეთი მომხამრებლების ფოტოებს უგზავნიან, რომლებსაც ადრესატი შეიძლება იცნობდეს. ეს ფუნქცია გერმანიის მთავრობის აზრით, არღვევს ადამიანის უფლებას იყოს კონფიდენციალური. ”Facebook” საჩივარს გაითვალისწინებს და მალე მისი მხრიდან მსგავსი ქმედება აღარ განხორციელდება.
საინტერესო სტატისტიკებს აქვეყნებენ “SocialBakers” და “comScore”. ამ უკანასკნელის ცნობით, ამერიკელი ინტერნეტ მომხმარებლების 73 % ” იყენებს Facebook”-ს, ამ ქსელს ქვეყანაში 146 მილიონი რეგულარული მომხმარებელი ჰყავს.
“SociakBakers”-ის ცნობით კი “Facebook”-ის მომხმარებლების რიცხვმა 600 მილიონს მიაღწია. ლიდერი ”ფეისბუქელები” ამერიკელები არიან, რომელთა საერთო რაოდენობა 148 მილიონია, შემდეგ მოდის ინდონეზია 34 მილიონი მომხმარებლით, ხოლო მესამეზე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 27 მილიონი ადამიანით ქსელში. ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, ყველაზე მეტი ახალი მომხმარებელიც ამერიკიდანაა (+ 20.7 მლნ. ახალი იუზერი), გარდა ამისა, ინდოეთიდან (+8.3 მლნ. ახალი იუზერი) და ინდონეზიიდან (+8 მლნ. ახალი იუზერი).
“Facebook” კვლავ რჩება ბოლომდე ამოუხსნელ მოვლენად, მაგრამ ჩვენ, მომხმარებლებს, გვაქვს შესაძლებლობა დავტკბეთ ამ ქსელით, ველოდოთ სიახლეებს და მსოფლიო უფრო ღია და ურთიერთდაკავშირებული გავხადოთ.