ჩინეთის ეკონომიკა თავბრუდამხვევ მატებას განაგრძობს და 2010 წელს მისმა მშპ–ს ზრდის მაჩვენებელმა 10.5 %–ს მიაღწია. მეორე ადგილზეა ინდოეთი –9.67 % – ით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მეორე-მესამე პოზიციას ინარჩუნებდა. რაც შეეხება ჩინეთს, ის უკვე 10 წელია ვითარდება და სწორედ ამის გამო ქვეყნის მშპ-ს მთლიანმა რაოდენობამ იაპონიას გაუსწრო და მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება.
საინტერესო სტატისტიკა ქვეყნდება CNN-ზე, რომელიც მშპ-ს ზრდის ტენდენციებს ზუსტად ასახავს და ქვეყნის ეკონომიკაში მთლიან რაოდენობას გვიჩვენებს. ბოლო 10 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის რაოდენობის მხრივ აშშ პირველ ადგილს არ თმობდა და 2010 წლის მონაცემებით, ამერიკის ეკონომიკაში მშპ-ს რაოდენობამ 14.6 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
საინტერესოა აზიური და სამხრეთ ამერიკული ქვეყნების ზრდის ტენდენციები, საუკუნის დასაწყისში ჩინეთი, მშპ-ს მთლიანი რაოდენობის მიხედვით, მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა, რომელსაც საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იაპონია და ამერიკა უსწრებდნენ. ხოლო ამჟამად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ აშშ სჯობს.
ევროპის ქვეყნები მშპ-ს მთლიანი რაოდენობით ინდოეთს, ბრაზილიას და არგენტინას უსწრებენ, მიუხედავად ამისა, ჩინეთის მაგალითის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების ზრდის სწრაფი ტემპი მალე შედეგს გამოიღებს და ევროპის ქვეყნებს უკან ჩამოიტოვებენ.