ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმას ზრდის

20 იანვარი, 2011 • • 1095
საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმას ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან 15 პროცენტამდე გაზარდოს სარეზერვო მოთხოვნა უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის. რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, კომიტეტის გადაწყვეტილებით, იგი არ შეცვლილა და 7.5 პროცენტს შეადგენს.

2010 წლის ბოლოს წლიურმა ინფლაციამ 11.2 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში სურსათის გაძვირების წილი 9.5 პროცენტული პუნქტია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლა მცირეა. ამავე დროს სურსათის გაძვირება ინფლაციის მოლოდინის ზრდას უწყობს ხელს. არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდება და შემდეგ დაიწყებს შემცირებას.

ფულადი აგრეგატების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა. წლის განმავლობაში მოსალოდნელია, რომ ფულადი მასის ზრდის ტემპი 20–25 პროცენტის ფარგლებში იქნება, რაც ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებლის მიზნობრივ დონემდე შემცირებას. 2010 წლის განმავლობაში ბანკებმა  ეკონომიკის დაკრედიტება 20%–ით გაზარდეს. წლის განმავლობაში სესხების ზრდა, ძირითადად, ადგილობრივი ვალუტით ხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში გააქტიურდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხებიც.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის ეტაპობრივად 15%–მდე გაზრდის შესახებ. პირველ ეტაპზე, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან, სარეზერვო ნორმა გაიზარდა 10%–მდე. როგორც აღინიშნა, ძირითადად, ეგზოგენური ფაქტორების გავლენით მიმდინარე ეტაპზე ინფლაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა თავიდან აიცილოს მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის გაჩენის რისკი, მისი აზრით, მიზანშეწონილია გამკაცრების პოლიტიკის გაგრძელება. ამისათვის მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა გაიზრდება 15%–მდე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იგი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეროვნული ბანკი მზად არის, ინფლაციური ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 16 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი