ეკონომიკა

რუსეთი – ფულადი გზავნილების ლიდერი საქართველოში

18 იანვარი, 2011 •
რუსეთი – ფულადი გზავნილების ლიდერი საქართველოში

2010 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან, ჯამში, 98.1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 13.8 მილიონით მეტია 2010 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 2.1 მილიონი აშშ დოლარით – 2009 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე. რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხას, 2010 წლის დეკემბერში მან 8.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი ნაკადები საქართველოში, დეკემბრის თვეში, ისევე როგორც წინა თვეებში, რუსეთიდან შემოედინება. დეკემბერში მან 54.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა თვეების მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, ნოემბრის თვეში აღნიშნულმა თანხამ 46.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ოქტომბერში – 50.1 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო სექტემბერში კი 49.6 მილიონი აშშ დოლარი. საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადების მოცულობით მეორე ადგილზე უკრაინაა– 7.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2.1 მილიონი აშშ დოლარით მეტია. რუსეთს და უკრაინას აშშ მოსდევს– 6.5 მილიონი აშშ დოლარით, შემდეგ საბერძნეთი მოდის–6.4 მილიონით და იტალია– 6.2 მილიონი აშშ დოლარით. ყველაზე ნაკლები თანხა საქართველოში, დეკემბრის თვეში, ნიდერლანდებიდან გადმოირიცხა და მან 100 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგ მოდის შვეიცარია– 154 აშშ დოლარით, პორტუგალია –159 აშშ დოლარით და უზბეკეთი– 164 აშშ დოლარით.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ფულადი ნაკადების მოცულობას, ყველაზე მეტი თანხა-3 მილიონი აშშ დოლარი რუსეთში გადაირიცხა, შემდეგ მოდის უკრაინა– 2 მილიონი აშშ დოლარით, ყველაზე ნაკლები თანხა კი საქართველოდან, დეკემბრის თვეში, პორტუგალიაში გადაირიცხა და მან 6 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგ მოდის კვიპროსი– 10 ათასი აშშ დოლარით.

თუ ფულადი ნაკადების მოცულობებს თვეების და წლების მიხედვით განვიხილავთ, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილი საქართველოში 2008 წელს შემოვიდა და მან 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2010 წელს საქართველოში შემოსულმა ფულადი ნაკადების მოცულობამ, ჯამში, 939.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ყველაზე მეტი მოცულობის თანხა-98.1 მილიონი დეკემბრის თვეში შემოვიდა, ხოლო ყველაზე მეტი მოცულობის თანხა-8.5 მილიონი აშშ დოლარი საქართველოდან ნოემბრის თვეში გადაირიცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი