ეკონომიკა

სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლი რამდენიმე დღეში დაიწყება

17 იანვარი, 2011 • • 937
სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლი რამდენიმე დღეში დაიწყება

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რამოდენიმე დღეში “სურსათის ეროვნული სააგენტო” სურსათის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს დაიწყებს. საწყის ეტაპზე ხორც-პროდუქტებისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება იგეგმება. სააგენტოს უფროსის, დავით კობერიძის განმარტებით, 2011 წლის განმავლობაში 200 კომპანიის შემოწმებაა გეგმაში. 2010 წელს სააგენტოს მიერ უკვე 51 ექსპორტიორი ქვეყანა შემოწმდა. 

“სურსათის ეროვნული სააგენტო” სურსათის მწარმოებელ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შემდეგ, საწარმოს რეკომენდაციას და პრობლემების აღმოსაფხვრელად გარკვეულ ვადას აძლევს, თუმცა, თუ გაწერილ ვადაში კომპანიამ პრობლემა არ მოაგვარა, მაშინ მეწარმე ჯარიმდება.

“2011 წლის 3 იანვრიდან ძალაში შევიდა სახელმწიფო კონტროლი სურსათის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი რისკის საწარმოები ინსპექტირებას დაექვემდებარებიან. შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობა ბიზნესთან მიმართებაში პარტნიორულ საფუძვლებზე იყოს დამყარებული. “სურსათის ეროვნული სააგენტო” გეგმურ ინსპექტირებას იანვრის ბოლოდან დაიწყებს”- აცხადებს დავით კობერიძე.

“ჩვენი მიზანია, რომ მეწარმეებს “სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები გავაცნოთ. ამ ეტაპზე საწარმოების საქმიანობის შეზღუდვა არ მოხდება, პირიქით, ჩვენ მათ კანონით მოთხოვნილი სტანდარტების დახვეწაშიც დავეხმარებით. ამისათვის კი კომპანიებს 1– წლიანი ვადა აქვთ. მეწარმე-სუბიექტებთან თანამშრომლობას პარტნიორულ ფორმატში გავაგრძელებთ”-აცხადებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი.

გარდა ამისა, “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” დამოუკიდებლად, კომპანიაში შესვლისა და მონიტორინგის უფლება არ აქვს. “სურსათის ეროვნული სააგენტოს” უფროსი, დავით კობერიძე აცხადებს, რომ სამსახურს გეგური შემოწმების გარდა, არაგეგმიური შემოწმების უფლებაც აქვს, თუმცა არაგეგმური შემოწმების განსახორციელებლად სამსახურს სასამართლოს ნებართვა ესაჭიროება.

მასალების გადაბეჭდვის წესი