ეკონომიკა

2010 წელს უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა რეკორდულია

14 იანვარი, 2011 • • 1017
2010 წელს უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა რეკორდულია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელს უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებთან შედარებით ყველაზე მეტი სარეგისტრაციო ტრანზაქცია განხორციელდა. 2010 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 405 959 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუალოდ თვეში 33 830 ერთეული) განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2.1%-ით გაიზარდა 2007 წელთან შედარებით, ამ წელს კი ამ  სფეროში ყველაზე მეტი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას  წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ზრდის ტენდენცია ახასიათებს: იანვრის თვეში – 32.2%-ით, თებერვლის თვეში – 11.7%-ით, მარტის თვეში – 35.8%-ით, აპრილის თვეში – 40.1%-ით, მაისის თვეში – 52.8%-ით, ივნისის თვეში – 30.9%-ით, ივლისის თვეში – 16.8%-ით, აგვისტოს თვეში – 13.3%-ით, სექტემბრის თვეში – 5.6%-ით, ოქტომბრის თვეში – 4.5%-ით, ნოემბრის თვეში – 18.4%-ით, დეკემბრის თვეში – 22.0%-ით. ამასთან, დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 30.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 590 ერთეული (საშუალოდ დღეში 1 982 ერთეული) შეადგინა.

2010 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100)  გაიზარდა და 1.470 დონეზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს მნიშვნელოვნად (1.205) აღემატება. აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შესაბამისად 30.5%-ით და 30.6%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 14.7%-ით და 23.7%-ით). 2010 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 8 006, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ – 37 584 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად 0.861 და 1.731 დონეებზე დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი