ეკონომიკა

რამდენი დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტია საქართველოში?

14 იანვარი, 2011 • • 1430
რამდენი დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტია საქართველოში?

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2010 წელს 46 679 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა (საშუალოდ, თვეში 3 890 ერთეული), რომელთა შორის 98.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 2.0% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი).

2010 წლის დეკემბრის თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 123 ერთეული (4 023 სამეწარმეო და მხოლოდ 100 არასამეწარმეო სუბიექტი) შეადგინა. ამ თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის სახით, უფრო კონკრეტულად, დეკემბერში 2 817 ერთეული ( მთლიანი რაოდენობის 68.3%) ინდ.მეწარმე დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში დარეგისტრირდა 1 192 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 99 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 7 სააქციო საზოგადოება, 5 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 1 კოოპერატივი და 1 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი.

2010 წლის განმავლობაში  ბიზნეს სუბიექტების რაოდენობაში მკვეთრი ცვლილებებით გამოირჩეოდა თებერვლის თვე, როდესაც წინა თვესთან შედარებით ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 93.4%-ით გაიზარდა და სექტემბერი (წინა თვესთან შედარებით მატება 33.6%-ია). ბიზნეს სუბიექტების დარეგისტრირების მხრივ საგრძნობი  კლება დაფიქსირდა მარტის (წინა თვესთან შედარებით დაიკლო 17.8%-ით) და აპრილის თვეში (წინა თვესთან შედარებით კლებაა 25.9%-ით).

2010 წელს 12 თვეში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების მთლიან რაოდენობაში 74.0%-ს შეადგენენ ინდივიდუალური მეწარმეები, 23.7%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და 2.0%-ს – არასამეწარმეო იურიდიული პირები. სხვა სუბიექტების წილები ბიზნეს სუბიექტების მთლიან რაოდენობაში უმნიშვნელოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი