ეკონომიკა

2010 წელს „სხვა ხარჯებმა“ ბიუჯეტის 25 პროცენტი შეადგინა

14 იანვარი, 2011 • • 1071
2010 წელს „სხვა ხარჯებმა“ ბიუჯეტის 25 პროცენტი შეადგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ფუნქციონალურ ჭრილში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოებისათვის გამოყოფილი ხარჯები ლიდერობს, რაც გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 26 პროცენტს შეადგენს, შემდგომ მოდის სახელმწიფო ბიუჯეტის ყველაზე გაუმჭვირვალე ხარჯვითი ნაწილი, კლასიფიკაციით „სხვა ხარჯები“, რომელიც 25 პროცენტს შეადგენს და მხოლოდ ერთი პროცენტით აღემატება თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ ხარჯებს.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკის რეალური სექტორისათვის ბიუჯეტის მხოლოდ 15 პროცენტი იქნა გამოყოფილი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მცირე ნაწილით  – 10 პროცენტით– გასულ წელს  განათლება, კულტურა და სპორტი დაფინანსდა.

რაც შეეხება 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების სტრუქტურას, აქ საგადასახადო შემოსავლები ლიდერობს 65 პროცენტით, მას მოსდევს ვალდებულებების ზრდით მიღებული შემოსავალი 19 პროცენტით. საგრანტო თანხებით გასულ წელს მიღებულ იქნა ბიუჯეტის მთელი შემოსავლების 7 პროცენტი, „სხვა შემოსავლებმა“ კი სახელმწიფო ბიუჯეტის 5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბიუჯეტის ყველაზე მცირე ნაწილი– 4 პროცენტი– მობილიზებულ იქნა ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლების შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი