სახელმწიფოს ნაკლები როლი ეკონომიკაში, “მინიმალური სახელმწიფო მაქსიმალური ეფექტით” – ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკის მიმდევრები აღიარებენ.
2004 წლის შემდგომ საქართველოში “მცირე მთავრობის” მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა. ორიენტირი აღებულ იქნა მცირე და ეფექტურ ბიუროკრატიულ აპარატზე, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსად სხვადასხვა ტიპის დაგეგმილი რეფორმებისა, “მცირე მთავრობის” ნაცვლად, მივიღეთ “საშუალოზე დიდი მთავრობა” საჭიროზე მეტი დანახარჯებით.
საქართველოში სახელმწიფო აპარატის ზომა ხშირად დამოკიდებულია სხვადასხვა ტიპის “მოახლოებულ” არჩევნებზე. არჩევნების მოახლოების დროს, “პოლიტიკური გადაწყვეტილების” თანახმად, არ შეიძლება შემცირდეს თუნდაც ყველაზე “არასაჭირო” კადრი. 2007-2010 წლებში კი საქართველოში მუდმივად იყო “მოახლოებული არჩევნები”.
ყოველთვის, როდესაც სახელმწიფოს საჭიროზე მეტი ბიუროკრატიული აპარატი გააჩნია, დგება საკითხი ბიუჯეტიდან სულ უფრო მეტი თანხის გამოყოფის შესახებ, რათა მოხდეს აღნიშნულ სახელმწიფო მოხელეთა შრომის ანაზღაურებისა თუ სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული დანახარჯების დაფინანსება. თუმცა, რეალურად სახელმწიფო მოხელეთა “შენახვის” ხარჯები მხოლოდ ერთი ნაწილია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა. სინამდვილეში, სახელმწიფო დანახარჯების დიდი ნაწილი მთავრობის მიერ განსახორციელებელ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე მოდის, მათ შორის, ერთ მხარეს არის სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო მეორე მხარეს – “აქტუალური კონცერტები” და ა.შ.
თუ გავაანალიზებთ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს, აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო სულ უფრო ნაკლებ თანხას ხარჯავდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ბევრად მეტს ისეთ სფეროებზე, საიდანაც სამომავლო სარგებლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მაგალითად, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში 26 პროცენტი უკავია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უსაფრთხოების ხარჯებს, 25 პროცენტი სრულიად გაუმჭვირვალე “სხვა ხარჯებს”, 24 პროცენტი უკავია თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს, ხოლო მხოლოდ 15 პროცენტი იხარჯება ეკონომიკის რეალური სექტორისათვის და 10 პროცენტი განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველომ 26–ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში და უფრო მეტად თავისუფალი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ ინდექსში მოცემული ათი კრიტერიუმიდან საკუთრების უფლების დაცვასა და ფინანსურ თავისუფლებასთან ერთად დაბალი შეფასება (გაუარესების მიმართულებით) გააჩნია სამთავრობო დანახარჯებს.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაღალი წილი მთავრობას ხშირად „აიძულებს“ სხვადასხვა დამატებითი რეგულაციების საშუალებით საკუთარი მოსახლეობისაგან სულ უფრო მეტი თანხა ამოიღოს. ერთი პრობლემა ამ შემთხვევაში თანხების „ამოღებას“ უკავშირდება, ხოლო მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ბიზნესისათვის დამატებითი რეგულაციების შემოღებაა.
გასული წლის დეკემბერში „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით კიდევ ერთი “საინტერესო” დამატებითი რეგულაცია იქნა შემოღებული იურიდიული პირებისათვის. კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით დადებული გარიგებების საფუძველზე საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა-ი” და ,,ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია”, ხოლო ის კერძო სამართლის იურიდიულ პირები, რომელთაც ზემოთ თქმული უფლებები წარმოეშვათ ამ კანონის ამოქმედებამდე, ვალდებულნი არიან, ამ უფლებათა რეგისტრაცია განახორციელონ 2011წ. 1 აპრილამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული უფლებები შეწყდება. შეგახსენებთ ,,ა-ი” და ,,ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალს: ა) საკუთრება; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ყოველივე ნიშნავს, რომ კერძო სამართლის ყველა იურიდიული პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს იჯარა. აღნიშნული მოთხოვნა გასული წლის დეკემბრამდე არ მოქმედებდა. კერძოდ, ერთის მხრივ, 2010 წლის დეკემბრამდე არსებული, დღემდე მოქმედებაში მყოფი იჯარის ყველა ხელშეკრულება საჭიროებს რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა ახლად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებაც სწრაფად რეგისტრაციას საჭიროებს. სახელმწიფომ ამ მოთხოვნით მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება დაგეგმა, ვინაიდან ხელშეკრულების რეგისტრაცია 50 ლარი ღირს. თუ გავითვალისწინებთ, რამდენი მოქმედი ხელშეკრულებაა დასარეგისტრირებელი და რამდენი ფორმდება ახლა, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ბიუჯეტში გადახდილი თანხების მასშტაბები.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია და შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხარჯების შეკვეცის მიმართულებით დისკუსია წარიმართოს, თუმცა მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უნდა უსწრებდეს არსებულ ბიუჯეტში დაფიქსირებული ხარჯების სწორი ანალიზი და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის შესაძლებელი ბიუჯეტში წლების განმავლობაში არსებული ხარჯების შემცირება იმგვარად, რომ არ დაზარალდეს სოციალურად დაუცველი ფენები, ერთის მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, თავიდან ავიცილოთ ტრადიციად ქცეული „ხილული მფლანგველობა“. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული არარაციონალური ხარჯების შემცირება, როგორც მინიმუმ, თავიდან აგვაცილებს მომავალში სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების მიზნით ასამოქმედებელ ახალ არასაჭირო რეგულაციებს.