ეკონომიკა

რა დაუჯდა ნახშირის წარმოებას ავსტრალიაში კატასტროფული წყალდიდობა?

6 იანვარი, 2011 •
რა დაუჯდა ნახშირის წარმოებას ავსტრალიაში კატასტროფული წყალდიდობა?

კატასტროფულმა წყალდიდობამ ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიაში ქვანახშირისა და სასაქონლო პროდუქციის მწარმოებლებს უდიდესი ზიანი მიაყენა. დაკარგული პროდუქციის ღირებულებამ, ადგილობრივი საწარმოების ცნობით, უკვე 2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქუინსლენდის რესურსების საბჭოს განცხადებით, ნახშირის მრეწველობას წყალდიდობა 1 მილიარდი დოლარი უკვე დაუჯდა და უახლოეს მომავალში ზარალის გაზრდა კიდევაა მოსალოდნელი.

ავსტრალიაში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ ნახშირის ფასებმა მსოფლიოში უკვე მოიმატა და ნახშირის ინდუსტრია შემდგომი კრიზისისთვისაც ემზადება, რადგან თებერვალი, ტრადიციულად, ყველაზე წვიმიანი თვეა ქუინსლენდში.

ქუინსლენდის რესურსების საბჭოს დირექტორის, მაიკლ როშეს განცხადებით, თავდაუზოგავი შრომაა საჭირო ნახშირის სრული წარმოების დასაბრუნებლად, ამასთან, მაღაროები იძულებულნი არიან, განსაკუთრებით დიდი ოდენობის წყალს გაუმკლავდნენ. მაიკლ როშე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვს ქვანახშირის მაღაროების ღია კარიერებიდან წყლის ამოსატუმბვად.

წყალდიდობისგან გამოწვეული ზიანი მხოლოდ ქვანახშირის სექტორს არ შეხებია. სამეურნეო მრეწველობაც 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალს ელოდება. განსაკუთრებული ზიანი ექსპორტზე ორიენტირებულმა შაქრის და ბამბის მრეწველობამ განიცადა. წყალდიდობამ ქუინსლენდის სამეურნეო კულტურის დაახლოებით 50 პროცენტი გაანადგურა, რაც მოიცავს სორგოს (მარცვლეულის სახეობა) და ხორბლის სავარგულებს.

კანადის სამეფო ბანკის განცხადებით, წყალდიდობით გამოწვეული დაკარგული საექსპორტო შემოსავლი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0.5-0.7% იქნება.  

მომავალში ნახშირის მარაგის შემცირების პერსპექტივიდან გამომდინარე, მისმა ფასმა, სამშაბათის მონაცემებით, ტონაზე 253 დოლარი შეადგინა, რაც 12.4 %-ით მეტია წყალდიდობის წინა პერიოდის მონაცემებზე.  მოიმატა თერმული ქვანაშირის ფასმაც და მან ორშაბათს, 27 თვის განმავლობაში, მაქსიმალურ ფასს, 133.5 დოლარს მიაღწია.

მსოფლიოს უდიდესმა ქვანახშირის მწარმოებლებმა, როგორებიცაა: BHP Billiton, Anglo American, Rio Tinto, Xstrata და Peabody Energy უკვე გამოაცხადეს ფორს-მაჟორული სიტუაცია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ავსტრალიური ქვანახშირი ამინდის შედეგად დაზარალდა. ნახშირის ფასებმა რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს-ტონაზე 300 დოლარს– 2008 წლის დასაწყისში მიაღწია, მას შემდეგ, რას ქუინსლენდში უჩვეულოდ ძლიერი წვიმის შედეგად ნახშირის წარმოება ჩაიშალა და ზარალმა 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი