ეკონომიკა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 %-ით მოიმატა

4 იანვარი, 2011 • • 977
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 %-ით მოიმატა

2010 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5883 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1394 მლნ. აშშ დოლარი იყო (37 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 4489 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).  საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2010 წლის იანვარ-ნოემბერში 3095 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (7 პროცენტით მეტი). 2010 წლის იანვარ-ნოემბერში 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25 პროცენტით, ექსპორტი 7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 29 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-ნოემბერში 36 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1540 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 267 მლნ. აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1273 მლნ. აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 19 პროცენტი და იმპორტში 28 პროცენტი. (2009 წლის იანვარ-ნოემბერში – შესაბამისად 28, 21 და 30 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ნოემბერში ასევე – 33 პროცენტი).

დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-ნოემბერში 1923 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 30 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 570 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (56 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 1353 მლნ. აშშ დოლარი (22 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 33 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 41 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. (2009 წლის იანვარ-ნოემბერში – შესაბამისად 30, 36 და 29 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი (2009 წლის იანვარ-ნოემბერში – 26 პროცენტი). 2010 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის (თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, გერმანია, აშშ, ჩინეთი, რუსეთი, სომხეთი, ბულგარეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები) წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი (961 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (612 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (587 მლნ. აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა – მის წილად ექსპორტის 16 პროცენტი მოდიოდა და 228 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეადგინა 203 მლნ. აშშ დოლარი, რაც ექსპორტის 15 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ შავი ლითონების ჯართი დარჩა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 38 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 603 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 13 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 283 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კვლავ სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტია 164 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 4 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი