ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენებაში საქართველო 22 პოზიციით დაწინაურდა

4 იანვარი, 2011 • • 960
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენებაში საქართველო 22 პოზიციით დაწინაურდა

ფრეზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) 2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენების (Economic Freedom of the World: 2010 Annual Report) მიხედვით, საქართველო, წინა წელთან შედარებით, 22 პოზიციით დაწინაურდა და 141 ქვეყანას შორის 23–ე ადგილზე (7,47 ქულით) იმყოფება. გასულ წელს გამოცემულ აღნიშნულ რეიტინგში საქართველო 45-ე ადგილს (7,24 ქულით) იკავებდა. ფრეზერის ინსტიტუტის 2010 წლის გამოცემა ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს 2008 წლის მონაცემებით ითვლის. მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენებას ფრეზერის ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს. მოხსენებაში გამოკვლეულია მსოფლიოს 141 ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის განმსაზღვრელი მონაცემები.

მიმდინარე წელს გამოცემული მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: გერმანია (24-ე ადგილი), ლიტვა (33), ბულგარეთი (36), ესპანეთი (39), ბელგია (43), სომხეთი (50), ლატვია (55), საბერძნეთი (60), იტალია (66), რუსეთი (84), აზერბაიჯანი (93) და სხვა.რეიტინგში პირველ ადგილზე ჰონკონგი, ხოლო ბოლოზე ზიმბამბვე იმყოფება.

2010 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების მოხსენებაში საქართველოს პოზიციის დაწინაურება განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: ქვეყანაში სახელმწიფო დანახარჯების წილის შემცირება; მდგრად ვალუტაზე ხელმისაწვდომობის ზრდა (ფულის მოცულობის ზრდით ეკონომიკაში და დაბალი ინფლაციის სტანდარტული გადახრით); საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა, სავაჭრო ბარიერების, ბიზნესის რეგულირების ბიუროკრატიული დანახარჯებისა და პროცედურების შემცირება, ბიზნესის დაწყების გამარტივება და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი