ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველო-ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის

4 იანვარი, 2011 •
მსოფლიო ბანკი: საქართველო-ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანა უცხოური ინვესტიციებისათვის

მსოფლიო ბანკის (World Bank) მოხსენების, „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“-ის (Investing Across Borders 2010) მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. აღნიშნული კვლევა  აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე- როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.

საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 4 პროცედურა და 4 დღეა საჭირო.  მსოფლიოს ქვეყნებიდან აქ ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) შექმნა. უცხოური კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში შეავსოს რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ქვეყანაში კომპანიებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიისათვის.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში – 31 დღეს, საბერძნეთში – 22 დღეს, ბულგარეთში – 20 დღეს, სომხეთში – 18 დღეს, თურქეთში – 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე). აღსანიშნავია, რომ 4 დღეზე ნაკლებ დროში მსოფლიოს არც ერთ გამოკვლეულ ქვეყანაში არაა შესაძლებელი ბიზნესის დაწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წელს მიღებული კანონით, ქ. თბილისში, მიწის ფლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო საკითხები ძალიან გამარტივდა და დაჩქარდა. მიწის, როგორც იჯარით აღება, ასევე, ყიდვაა შესაძლებელი და ამ კუთხით არ არსებობს შეზღუდვა მიწის ფართობთან დაკავშირებით. მიწის იჯარით აღებისათვის საქართველოში 1 კვირაა საჭირო, მაშინ, როდესაც პოლონეთში აღნიშნული პროცედურა 5 თვეს საჭიროებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა საქართველოში 50 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ბულგარეთში თითქმის 1 წლამდე (351 დღე) ხანგრძლივდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი