ეკონომიკა

გაგრძელდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი 2011 წელს?

4 იანვარი, 2011 • • 1235
გაგრძელდება თუ არა ეკონომიკური კრიზისი 2011 წელს?

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლას 2009 წლის მეორე ნახევარსა და 2010 წლის პირველ ნახევარში განაგრძობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სხვადასხვა სიჩქარით ხდებოდა – უფრო ნელა განვითარებულ ქვეყნებში და უფრო სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მთლიანობაში ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მიმდინარეობდა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებებით, 2010 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 4.8 პროცენტის ტოლი უნდა იყოს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, მსოფლიო ეკონომიკაში, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაფიქსირდა ეკონომიკური ზრდის უარყოფითი ტემპი – მთლიანი მსოფლიო პროდუქტი (შემდგომში – მმპ), სხვადასხვა მონაცემებით, 0.8–2.3 პროცენტით შემცირდა 2008 წელთან შედარებით.

მსოფლიო რეცესია სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების დინამიკაშიც გამოიხატებოდა. უმუშევრობის დონე 2008 წელს დაფიქსირებული 7.2 პროცენტიდან 2009 წლის ბოლოსთვის 8.7 პროცენტამდე გაიზარდა; შემცირდა ინვესტიციების დონე, რომელმაც მთლიანი პროდუქტის მხოლოდ 21.6 პროცენტი შეადგინა, ნაცვლად წინა წლის 23.7 პროცენტისა; მთლიანი სახელმწიფო ვალი 2009 წელს მშპ–ს 56 პროცენტის ტოლი გახდა (2008 წელს –48.9 პროცენტი იყო). მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაჭრობის რეალური მოცულობის კლების ტემპი 2010 წელს 12.2 პროცენტი იქნება, ხოლო აშშ დოლარით გამოსახული იგივე მაჩვენებელი 22.6– პროცენტიანი კლებით არის შეფასებული, რაც, ძირითადად, ნავთობისა და სხვა პირველად პროდუქტებზე ფასების კლების შედეგი იყო. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში რისკები, რომელთა წინაშეც იდგა მსოფლიო ფინანსური სისტემა, შემცირდა, თუმცა სტაბილურობა ჯერ მიღწეული არ არის. დადებითი ტენდენციების მიმანიშნებელია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა მსოფლიოში 2007–2010 წლების პერიოდში წარმოქმნილი მთლიანი სავალო დანაკარგების ჩამოწერა საბანკო სისტემის მიერ 2.3 ტრილიონ დოლარამდე (2009 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2.8 ტრილიონ დოლარს უდრიდა). ასევე, 2009 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა რიგი რისკებისა, კერძოდ, სსფ–ს აზრით, საკრედიტო, მაკროეკონომიკური, საბაზრო და ლიკვიდობის რისკები შემცირდა 2009 წლის აპრილისა და 2009 წლის ოქტომბრის შეფასებებთან შედარებით. ეს, აგრეთვე, აისახა მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის შერბილებასა და რისკიანობის ზრდაში. უფრო რისკიანი დაბანდებების ზრდაზე მიუთითებს მერილ–ლინჩის მიერ 2010 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვა ფონდ–მენეჯერთა შორის. კერძოდ, ინვესტორებმა ირწმუნეს, რომ კრიზისიდან გამოსვლა მდგრადია და 2006 წლის შემდეგ მაქსიმალურია ინვესტორთა რაოდენობა, რომლებიც „ნორმალურზე“ მაღალ რისკებს იღებენ საკუთარ პორტფელებში.

მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა სერიოზული გავლენა მოახდინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ეკონომიკებზეც. საშუალოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნების (საქართველოსა და ბალტიისპირა ქვეყნების გამოკლებით) ეკონომიკა 2.4 პროცენტით დაეცა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადეს უკრაინამ (–15.9 პროცენტი) და სომხეთმა (–14.4 პროცენტი), ხოლო აზერბაიჯანსა და უზბეკეთში სერიოზული ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა –შესაბამისად, 9.3 პროცენტი და 8.1 პროცენტი (წყარო – დსთ–ს ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი სტატისტიკური კომიტეტი). კრიზისი შეეხო, აგრეთვე, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს – თურქეთს. 2009 წელს თურქეთის რეალური მშპ შემცირდა 5.8 პროცენტით, ხოლო ინფლაციამ 5.4 პროცენტი შეადგინა, რაც 34–წლიან მინიმუმს წარმოადგენს.

2010 წლის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ექსპორტების ზრდის შედეგად და მშპ-ს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6.8 პროცენტს შეადგენს. 2010 წლის დასაწყისიდან შებრუნდა აშშ დოლარის გაუფასურების მანამდე დაფიქსირებული ტენდენცია, რაც ამერიკული ვალუტის მიმართ ნდობის აღდგენას უკავშირდება. საანგარიშო 2009 წლის დეკემბერში საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა საჯარო განხილვისთვის წარადგინა ორი საკონსულტაციო დოკუმენტი – „საბანკო სექტორის გამძლეობის გაძლიერება“ და „ლიკვიდობის რისკის გაზომვის, სტანდარტებისა და მონიტორინგის საერთაშორისო სტრუქტურა“, რომლებშიც თავმოყრილი იყო ე.წ. ბაზელ III–ის ძირითადი პრინციპები. ცვლილებები ბაზელ II-თან შედარებით შემდეგია:

 

  • კაპიტალის ბაზის ხარისხი, თანმიმდევრულობა და გამჭვირვალობის გაზრდა;
  • კაპიტალის სტრუქტურის (capital framework) რისკის დაფარვის გაზრდა;
  • ვალისა და კაპიტალის ფარდობის (Leverage ratio), როგორც ბაზელ II-ის რისკზე დაფუძნებული სტრუქტურის დამხმარე პარამეტრის შემოღება;
  • პროციკლურობის შემცირება და კონტრციკლური ბუფერების სტიმულირება;
  • საერთაშორისო მასშტაბით აქტიური ბანკებისთვის მინიმალური ლიკვიდობის გლობალური სტანდარტების შემოღება.

ბაზელ III-ის ძალაში შესვლა ეტაპობრივად, 2013-2019 წწ. განმავლობაში იგეგმება. ფინანსური კრიზისის უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე, აშშ–ს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ახალი მარეგულირებელი ინსტრუმენტების შემოღება, რომელიც გააძლიერებდა ფინანსურ სისტემას და უზრუნველყოფდა როგორც სისტემის, ისე მომხმარებელთა დაცვას ანალოგიური კრიზისებისგან. ამ მიზნით იქმნება მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიურო, რომლის ძირითადი დანიშნულება იქნება ამერიკელი მომხმარებლის დაცვა არაკეთილსინდისიერი ფინანსური ინსტრუმენტებისა და პროდუქტებისგან და მომხმარებელთათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საკრედიტო ბარათების კომპანიებისგან, ბანკებისგან, იპოთეკური სააგენტოებისგან და მსგავსი ორგანიზაციებისგან. ეს იქნება როგორც ფინანსურად, ისე იურიდიულად დამოუკიდებელი დაწესებულება, რომელსაც ექნება მსხვილი ბანკებისა და საკრედიტო კავშირების, მსხვილი არასაბანკო ფინანსური კომპანიების და იპოთეკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის გაკონტროლება/შემოწმების უფლება. გარდა ამისა, შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის ზედამხედველობის საბჭო, რომლის დანიშნულება იქნება მსხვილი ფინანსური კომპანიების მიერ გამოწვეული სისტემური რისკების მონიტორინგი და რეგულირება. პრაქტიკულად, საბჭოს ძირითადი და ერთადერთი დანიშნულება იქნება ფინანსური სისტემური რისკების იდენტიფიცირება და მათზე სწრაფი რეაგირება.

2010 წლის პირველ ნახევარში ევროპის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა ჩაატარა მთლიანი ევროკავშირის მასშტაბით ბანკების სტრეს–ტესტირება. გამოკვლეულ იქნა ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის 91 ბანკი, რომლებიც აქტივების მიხედვით მთელი საბანკო სისტემის 65 პროცენტს წარმოადგენენ. სტრეს–ტესტის ყურადღება ძირითადად საკრედიტო და საბაზრო რისკებზე იყო გამახვილებული, კომერციული ბანკების ევროკავშირის სახელმწიფო ვალების პორტფელების მდგრადობის (exposures to European sovereign debt) ჩათვლით. ჩატარებული სტრეს–ტესტის შედეგები ასეთია:

 

  • უარყოფითი სცენარის და სახელმწიფო ვალის დამატებითი შოკის (sovereign shock) პირობებში დამატებითი დანაკარგები 2010_11 წლებში შეადგენს 566 მილიარდ ევროს;
  • კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტიშოკის (Tier I Capital) უარყოფითი სცენარის პირობებში 2009 წლის 10.3 პროცენტიდან 2011 წლის ბოლოს- თვის დაეცემა 9.2 პროცენტამდე (სარეგულაციო მინიმუმი 4 პროცენტია, ხოლო ტესტისთვის აღებული ზღვრული დონე კი 6 პროცენტი);
  • უარყოფითი სცენარისა და სახელმწიფო ვალის შოკის შედეგად კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი 6 პროცენტზე დაბლა 7 ბანკისთვის ჩამოვა; შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები განიხილავენ ზემოხსენებულ შედეგს და მის მნიშვნელობას ამ ბანკებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი