ეკონომიკა

ვერა ქობალია 2011 წლის პრიორიტეტებზე

4 იანვარი, 2011 • • 1119
ვერა ქობალია 2011 წლის პრიორიტეტებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ სამინისტროს მიერ 2010 წელს გაწეული მუშაობის შედეგები ჟურნალისტებს გააცნო. მისი შეფასებით, 2010 წელს ქვეყანას კარგი მიღწევები ჰქონდა, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში და ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

– “ჩვენ გადავიტანეთ 2008 წლის ომი და 2009 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, 2010 წელი წარმატებული წელი იყო, რადგან საქართველოს ეკონომიკა რეალურად გაიზარდა. 2010 წელს ჩვენ მიერ დასახული პრიორიტეტები შესრულებულია, ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რადგან ამ სფეროში შეიქმნა სამუშაო ადგილები. მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი მიღწევა და იმედი გვაქვს, 2011 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე კიდევ უფრო შემცირდება,” – განაცხადა მინისტრმა.

ვერა ქობალიამ   სამინისტროს სისტემაში შემავალი დეპარტამენტებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების გაწეულ საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჯურნალისტებს.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც 2011 წელს  იგეგმება.

– “ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მომზადებას. სამწუხაროდ, წელს ინვესტიციების მოცულობა შემცირებული იყო არა მარტო საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. წლის დასაწყისში მოლოდინი უფრო მაღალი გვქონდა და არ გამართლდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ სხვადასხვა ინვესტორებთან დიდი პროექტების განხორციელებაზე და ამიტომ 2011 წელს შედარებით უკეთეს შედეგებს ველოდებით”, – განაცხადა ვერა ქობალიამ და აღნიშნა, რომ 2011 წელს ძირითადი პრიორიტეტი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

მინისტრის თქმით, მომავალ წელს სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა შორის აღსანიშნავია: რამდენიმე აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, კურორტების რეაბილიტაცია და საქართველოს ტურისტული ბრენდის შექმნა, საწარმოთა მართვის ოპტიმიზაცია და პროფსასწავლებლების განვითარება, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარების ცენტრების შექმნა და ნატურალური პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა, ასევე სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში. 2011 წელს ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროექტის “მწვანე საქართველო” განხორციელება, რომელიც საქართველოში ელექტრომანქანების შემოყვანას და ქვეყანაში არსებული ენერგიის ალტერნატიული წყაროების მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი