2010 წლის III კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 239.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 25.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2009 წლის მესამე კვარტალთან შედარებით – 27.1 პროცენტით მეტი.
საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 3.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო იმპორტი 14.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 657.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.8 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 14.9 პროცენტით მეტი, 2009 წლის III კვარტალთან შედარებით.
მომსახურების ბალანსი 2010 წლის III კვარტალში დადებითია და 200.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2.2-ჯერ მეტს წინა კვარტალთან და 1.5-ჯერ მეტს წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით. გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მომსახურების ექსპორტი 483.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (35.1 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 26.5 პროცენტით მეტი 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით), ხოლო მომსახურების იმპორტი – 283.6 მლნ აშშ დოლარია (7.8 პროცენტით და 13.5 პროცენტით მეტი შესაბამისად, წინა კვარტალთან და 2009 წლის III კვარტალთან შედარებით). საანგარიშო პერიოდში მომსახურების ბალანსი 30.4 პროცენტით ფარავს საქონლის დეფიციტს.
მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (171.3 მლნ აშშ დოლარი), რომელიც 2010 წლის III კვარტალში II კვარტალ¬თან შედარებით 1.9 – ჯერ, ხოლო 2009 წლის III კვარტალთან შედარებით 1.6 – ჯერ გაიზარდა. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (36.2 მლნ აშშ დოლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით, 14.7 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.4 პროცენტით გაიზარდა. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით 16.6 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.7 პროცენტით. 2010 წლის III კვარტალში მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი ბალანსი დაფიქსირდა კავშირგაბმულობის, სამშენებლო, საფინანსო და სამთავრობო მომსახურებაში, ხოლო უარყოფითი ბალანსი სადაზღვევო და სხვა საქმიან მომსახურებაში.
შემოსავლის ბალანსი 2010 წლის III კვარტალში უარყოფითი იყო და 61.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 108.3 მლნ აშშ დოლარია, 7.7 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 8.9 პროცენტით ნაკლები 2009 წლის III კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 169.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.6 პროცენტითა და 31.7 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 2010 წლის III კვარტალში 278.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 19.3 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან, 298.8 მლნ აშშ დოლარი მიღე¬ბული, ხოლო 20.4 მლნ აშშ დოლარი გაცემული ტრანსფერებია. 2010 წლის III კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა კვარტალთან შედარებით 2.2-ჯერ გაიზარდა (გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი _ 1.5-ჯერ), ხოლო სხვა სექტორების ტრანსფერები 9.1 პროცენტით გაიზარდა (წინა წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა მხოლოდ 0.4 პროცენტი იყო).
კაპიტალური ტრანსფერების შემოდინება 2010 წლის III კვარტალში 53.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და 2010 წლის II კვარტალთან შედარებით 28.4 პროცენტით, ხოლო 2009 წლის III კვარტალთან შედარებით 21.0 პროცენტით არის გაზრდილი. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერების წილი საანგარიშო პერიოდში 92.6 პროცენტს შეადგენს.
წმინდა უცხოური პირდაპირი ინვესტიციები 2010 წლის III კვარტალში 159.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ნაკლებია როგორც წინა კვარტალთან შედარებით (17.3 პროცენტით) ასევე 2009 წლის III კვარტალთან შედარებით (8.1 პროცენტით).
სხვა ინვესტიციების უარყოფითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 88.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდში 206.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო ვალდებულებები – 117.8 მლნ აშშ დოლარით. სხვა ინვესტიციების აქტივების ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ბანკების ნაღდი ფულისა და დეპოზიტების მატებით (189.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო ვალდებულებების ზრდა – სესხების (87.4 მლნ აშშ დოლარი) მატებით.
სარეზერვო აქტივები 2010 წლის III კვარტალში 158.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 157.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა უცხოური ვალუტა და 1.7 მლნ აშშ დოლარით ნასესხობის სპეციალური უფლება.