საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2010 წლის 1-ლი დეკემბრისათვის 4.6 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 11.4 მლნ ლარით ანუ 0.2 პროცენტით ნაკლებია მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 17.6 მლნ ლარით ანუ 0.9 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.4 მლნ.ლარით ანუ 0.2 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2010 წლის 1-ლი დეკემბრისათვის 70.8 პროცენტი შეადგინა – 2.79 პროცენტული პუნქტით ნაკლები 1-ლი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით.
დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 7.8 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.9 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 7.5 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 71.4 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 18.3 პროცენტს შეადგენს.