29 დეკემბერს კახეთის რეგიონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე პიროვნება დააკავეს, რომლებიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სატყეო უბნებზე რეინჯერებად მუშაობდნენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები – გურამ ჩადუნელი, ემზარ დალაქიშვილი, რამაზ ხოხობაშვილი და ჯუმბერ კორაშვილი შეშის დამზადებისათვის საჭირო ყალბი ცნობებისა და ხის მასალის დამზადების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით 80-დან 280 ლარამდე თანხებს იღებდნენ. სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თითოეული მათგანი უშუალოდ ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე და 341-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე და ორიდან ოთხ წლამდე ვადით ითვალისწინებს.