ეკონომიკა

კობა სუბელიანმა საგურამოს დევნილთა ბიზნესწარმოება დაათვალიერა

30 დეკემბერი, 2010 • • 1088
კობა სუბელიანმა საგურამოს დევნილთა ბიზნესწარმოება დაათვალიერა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, დრაგან ანგელოვსკიმ  საგურამოში (წინამძღვრიანთკარი) ჩასახლებული დევნილების ბიზნესწარმოება  დაათვალიერეს. დევნილები მეკურდღლეობას, მესაქონლეობას, მეფრინველეობას, მეფუტკრეობას, ავეჯის წარმოებას, სოკოს მოყვანას და კონდიტერიას მისდევენ. მინისტრი დევნილ მეწარმეებს  ბიზნესის გაფართოვებაზეც ესაუბრა. მათ ბიზნესი დევნილთა სამინისტროს, გაეროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყეს. როგორც დევნილებმა აღნიშნეს, საკმაოდ გამართულად ცხოვრობენ, საკუთარი შემოსავალი გააჩნიათ და ახლა მხოლოდ ბაზრის გაფართოვებაზე ფიქრობენ.

თემურ ტაბატაძე, ფრონეს ხეობიდან დევნილი: „სანამ, ომი დაიწყებოდა, 14 წელი საკონდიტრო საქმით ვიყავი დაკავებული. საკუთარი საცხობი მქონდა და ჯავასა და ცხინვალს ვამარაგებდი. ომის შემდეგ ყველაფრის გარეშე დავრჩი. სამინისტროსა და დონორების დახმარებით ბიზნესი თავიდან დავიწყე და თავად ხედავთ, როგორც ვარ. ჩემი წარმოებული პროდუქციით მცხეთას, წეროვანსა და თბილისს ვამარაგებ. მადლობის მეტი რა მეთქმის. თუ შრომა გიყვარს, სოფლად გამართულად იცხოვრებ.“

კობა სუბელიანის თქმით,  ვისაც შრომა უყვარს, მსგავსი ალტერნატივა ყველასთვის ხელმისაწვდომია: „რეგიონებში განსახლების პარალელურად, დევნილებს ხელს ვუწყობთ, მეურნეობით დაკავდნენ. დაიწყონ მეცხოველეობა, სოკო მოიყვანონ და ასე შემდეგ. სოკოს კილოს 6 ლარად აბარებენ, რაც თვეში 2 500 ლარია. ოპონენტები, ვინც ცილს გვწამებს, სოფელში ხალხმა რა ჭამოსო, ვისაც შრომა უნდა და ვისაც შრომა შეუძლია, ეს ალტერნატივები არსებობს.“

მასალების გადაბეჭდვის წესი