„საქართველოს რკინიგზამ” 2010 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ანგარიში დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვერა ქობალიას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ წარუდგინა.
საქართველოს რკინიგზა ამჟამად შემდეგ სტრატეგიულ პროექტებს ახორციელებს: „თბილისის შემოვლითი გზა”, ”სწრაფი რკინიგზა თბილისიდან ბათუმამდე 3 საათში” და ჰესის მშენებლობა მდინარე ნენსკრაზე, სვანეთში. „საქართველოს რკინიგზის“ ოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტებში, რომლებიც ”საქართველოს რკინიგზამ” ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან გააფორმა, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ სამუშაოებზე დასაქმებულთა არანაკლებ 70% ქართული მუშახელი უნდა იყოს.
”საქართველოს რკინიგზამ” 2010 წელს ქართულ ეკონომიკაში 150 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა – იგულისხმება დაკვეთები ადგილობრივ კომპანიებთან. 2009-2010 წლებში განახლდა სატვირთო ვაგონების პარკი1,500 ერთეულით .
”საქართველოს რკინიგზის” მუშაობის 2010 წლის მონაცემები კი ასეთია:
2010 წელს სატვირთო გადაზიდვებმა მნიშვნელოვნად იმატა და სულ 19,8 მილიონი ტონა შეადგინა. აქედან, 11,6 მილიონი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები იქნა გადაზიდული, 8,2 მილიონი ტონა კი მშრალი ტვირთი. სატვირთო გადაზიდვებით კომპანიის მიღებული შემოსავალი 364 მილიონი ლარია. გასულ წლებთან შედარებით ეს მაჩვენებელი გაზრდილია. 2008 წელს სატვირთო გადაზიდვებმა 21,2 მილიონი, 2009-ში კი 17,1 მილიონი ტონა შეადგინა.
გაზრდილია შემოსავლის მაჩვენებლები გასულ ორ წელთან შედარებით. 2008 წელს სატვირთო გადაზიდვების შემოსავალი 312 მილიონი, ხოლო 2009-ში – 290 მილიონი ლარი იყო.ზრდის 95% სატვირთო შემოსავლებზე მოდის. 2010 წლის წმინდა მოგება 4.7–ჯერ (59 მლნ ლარით) აღემატება წინა წლის მოგებას.
2010 წელს კომპანიის საოპერაციო მოგება 100,471 მილიონი ლარია. სულ კი ‘საქართველოს რკინიგზის’ შემოსავალმა 2010 წელს 390 მილიონი ლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 331 მილიონი, ხოლო 2009-ში – 307 მილიონი ლარი იყო.
