ეკონომიკა

საკითხები, რომლებიც 27 დეკემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

27 დეკემბერი, 2010 • • 1232
საკითხები, რომლებიც 27 დეკემბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მთავრობის დადგენილების პროექტი და ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტები განიხილეს. მთავრობის დადგენილება ”მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის აკრძალული საქმიანობებისა და შემოსავლების სახეების განსაზღვრის თაობაზე, რომლებიც არ დაიბეგრება ან/და რომლებზეც არ გავრცელდება საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები” ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

აღნიშნულ დადგენილებაში მიკრო ბიზნესის ის სახეობები შევიდა, რომლებიც მიუხედავად 30 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვისა, მცირე ბიზნესის სტატუსს შეინარჩუნებენ და არ დაიბეგრებიან. ამავე ჩამონათვალში განისაზღვრა ბიზნესის ის სახეობები, რომლებიც სპეციალურ ლიცენზიას საჭიროებენ და შემოსავლის მიუხედავად, მაინც დაიბეგრებიან.

კომიტეტის წევრებს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ყაველაშვილმა ”საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეების ან/და ოპერაციათა ერთობლიობების, რომლებიც არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას, განსაზღვრის თაობაზე” ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტიც წარუდგინა. ბრძანების საფუძველზე, 4 წლის მანძილზე ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი სახლის და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის რეალიზაცია ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება.  წარმოდგენილი პროექტი ახალი საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე მომზადდა.

სხდომაზე გიორგი ყავლაშვილმა კომიტეტს შესათანხმებლად წარუდგინა  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების პროექტი ”საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წ. 25 აგვისტოს №672 ბრძანებაში  ცვლილების შეტანის შესახებ”. ახალ საგადასახადო კოდექსში ტექნიკური ხასიათის ცვლილება მოხდა და ტერმინი “საბაჟო” “იმპორტით” შიეცვალა.

კომიტეტმა მოიწონა და მხარი დაუჭირა ცვლილებების პაკეტს. ცვლილებები ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი