ეკონომიკა

შეზღუდვები და გამონაკლისები საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის

26 დეკემბერი, 2010 • • 1297
შეზღუდვები და გამონაკლისები საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულის საშუალო თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს.

ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის 20%-ს.

აღნიშნული ღონისძიებების გატარების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა მიმართონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონტროლის ქვეშ მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა შესაბამისი დონის ბიუჯეტებში.

დასახელებული შეზღუდვები არ ვრცელდება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებზე, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად, სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული დაფინანსება არ აღემატება მათი საერთო შემოსულობების 25%-ს.

ამასთან, გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი