2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს უფლება აქვთ, მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ხოლო, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს, აგრეთვე, ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნობა, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.
2011 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდება მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ამასთანავე, მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის ამ კანონის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.
საქართველოს მთავრობის წევრთა პრემიების გაცემა შესაძლებელია, ასევე, განხორციელდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.