ეკონომიკა

სვანეთის საკურორტო ზონა დამსვენებლების მისაღებად მზად არის

24 დეკემბერი, 2010 • • 1838
სვანეთის საკურორტო ზონა დამსვენებლების მისაღებად მზად არის

მესტია ტურისტებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება. მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა დღეს ფუნქციონირება დაიწყო და თბილისი-მესტიის მიმართულებით რეისები ყოველდღე შესრულდება. აეროპორტში პირველი რეისი დღეს მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა. თვითმფრინავს პრეზიდენტი თავად მართავდა.  მესტიის აეროპორტი ზღვის დონიდან 1 400 მეტრზე მდებარეობს და რთული რელიეფის მიუხედავად, უსაფრთხო ფრენას უზრუნველყოფს. უსაფრთხოების გარანტი ის ტექნიკური აღჭურვილობაა, რომელიც ევროპელ სპეციალისტებთან ერთად დამონტაჟდა. აეროპორტს 1 120–მეტრიანი ასაფრენი ბილიკი აქვს, რომელიც, ამინდის მიუხედავად, მცირე ლაინერების მიღებას მთელი წლის განმავლობაში შეძლებს. თბილისი-მესტიის მიმართულებით ფრენას ყოველდღე კანადური ავიაკომპანია “ქელ-ბორექ-ეარი” შეასრულებს, ბილეთის ფასი 150 ლარი იქნება. აეროპორტს საკუთარი სანავიგაციო სისტემა და ახალი შენობა აქვს. პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან არქიტექტორს, მაიერს ეკუთვნის.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაათვალიერა და ახალ პროექტებზე მთავრობის გასვლით სხდომაზე ისაუბრა.

სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტიც გაიხსნა, რომელიც უკვე პირველ დამსვენებლებს იღებს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 2 500-ს მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც წლის ნებისმიერ დროს თოვლია. ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი დღეს პრეზიდენტმა მოინახულა. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად საბაგიროთიც ისარგებლა და ახალ სათხილამურო ტრასაზეც ისრიალა. მომავალ წელს დაგეგმილია საბაგირო გზის ჰაწვალიდან მესტიამდე მშენებლობა.  

კურორტზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენებაც არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის შესაძლებელი. ალპური სოფელი უკვე აშენებულია, მოქმედებს სასტუმროც, რომელმაც პირველი სტუმრები უკვე მიიღო. სათხილამურო ტრასა 1 400-ი მეტრი სიგრძისაა და ის იტალიურმა კომპანია ”ლაიტმერმა” ააშენა.

მოეწყო 9-კილომეტრიანი ბეტონის გზაც, რომლითაც კურორტზე ასვლა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.  მესტიის ტურისტულ ცენტრს ვიზიტორების მიღება უკვე დღეიდან შეუძლია. ცენტრი, რომელიც სვანეთში ჩასულ დამსვენებლებს რეგიონის ინფრასტრუქტურისა და მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, ოფიციალურად გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი