ეკონომიკა

თბილისში ავტუბესების რაოდენობა იზრდება

24 დეკემბერი, 2010 • • 1076
თბილისში ავტუბესების რაოდენობა იზრდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა დედაქალაქში გართულებული სატრანსპორტო გადაადგილების შესახებ განცხადება  გააკეთა. მისი განცხადებით, სატრანსპორტო ცვლილებებმა  პირველ ეტაპზე გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, თუმცა პროცესი რეგულირებადია.

„დედაქალაქის მერია შესაბამის საქალაქო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ამჟამად ზოგიერთ ხაზზე უკვე დაემატა რამდენიმე ავტობუსი და საჭიროების შემთხვევაში ხაზების გაგრძელებაც არ არის გამორიცხული”, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.

გუშინ ამ თემაზე “ქრისტიან-დემოკრატიული” ფრაქციის წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში  ბრიფინგი  გამართა და დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა, ამის მიზეზად კი დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსი დაასახელა.

“პრობლემის დაძლევისა და რთული ვითარების განმუხტვის გზად, ჩვენ, “ქრისტიან-დემოკრატებს” თითოეულ ხაზზე მინიმუმ ერთი ავტობუსის დამატება მიგვაჩნია, რაც გადაადგილების გრაფიკს უფრო მობილურსა და ინტენსიურს გახდის”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების რესურსი თბილისის მერიას გააჩნია.

ამჟამად თბილისში 92 ხაზია, რომელზეც 477 ავტობუსი მოძრაობს და, სავარაუდოდ, მათი რიცხვი გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი