ეკონომიკა

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისთვის

24 დეკემბერი, 2010 • • 3101
ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისთვის

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა სახელმწიფოებთან შეთანხმებების გაფორმება 2011-2014 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პირიორიტეტად რჩება. ამ დრომდე საქართველოს შესაბამისი შეთანხმებები ევროკავშირის თვრამეტ ქვეყანასთან (ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჩეხეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი საბერძნეთი და ფინეთი) აქვს გაფმორმებული. 2011 წლის პირველი იანვრიდან კი კიდევ ორი შეთანხმება ამოქმედდება (ირალნდია და საფრანგეთი).

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება მხოლოდ რვა ქვეყანასთან (ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა, უზბეკეთი, სომხეთი, ირანი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი) აქვს გაფორმებული, ხოლო კიდევ ორ ქვეყანასთან – თურქეთთან და სინგაპურთან შეთანხმებები 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რატიფიცირებულია შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: შვეიცარია, ესპანეთი, ისრაელი, ეგვიპტე, ქუვეითი პარაფირებული შეთანხმებები – კვიპროსი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ინდოეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ხოლო ინიცირებული მოლაპარაკებების კატეგორიაში არიან: არგენტინა, უნგრეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა, ბელიზი, მარშალის კუნძულები,  პანამა, ბრაზილია, ლიხტენშტაინი, იორდანია, ნორვეგია, პორტუგალია, სეიშელის კუნძულები, ბელარუსი.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ორმაგ დაბეგვრა გულისხმობს სიტუაციას, როდესაც ორ და მეტ სახელმწიფოში ერთი და იგივე გადასახადის გადამხდელი ერთი და იმავე გადასახადით იბეგრება დროის ერთი და იმავე პერიოდში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორმაგი დაბეგვრა გულისხმობს ერთობლივ შემოსავალთან დაკავშირებული გადასახადების დაბეგვრის პრინციპს, როცა ერთი და იგივე წყაროდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა ხდება ორჯერ.

საინტერესოა საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესაძლებლობის ორი მეთოდი:

•     განთავისუფლების მეთოდი

•     ჩათვლის მეთოდი

განთავისუფლების მეთოდის შესაბამისად, სახელმწიფოები უარს აცხადებენ იმ გადასახადით ობიექტის დაბეგვრაზე, რომელიც იბეგრება სხვა სახელმწიფოში. ამისათვის სახელმწიფოები შემუშავებენ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებებს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები მნიშვნელოვნად აიოლებს საერთაშორისო ბიზნესის წარმოებას.

ჩათვლის მეთოდი წარმოადგენს საზღვარგარეთ გადახდილი გადასახადის ჩათვლას საკუთარ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მოცემულ ქვეყნებს შორის რაიმე ტიპის შეთანხმება ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

ამგვარად, ორმაგი დაბეგვრა შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ორი ძირითადი საშუალებით: ცალმხრივად, ანუ იმ დროს, როდესაც გამოიყენება ქვეყნის შიდა საგადასახადო კანონმდებლობა და მრავალმხრივად, როდესაც ქვეყნები აფორმებენ ხელშეკრულებებს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი