“ქრისტიან-დემოკრატიული” ფრაქციის წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და ამის მიზეზად დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსი დაასახელა, რასაც „ქრისტიან-დემოკრატები“ ტრანსპორტთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებისას წინასწარმეტყველებდნენ.
“პრობლემის დაძლევისა და რთული ვითარების განმუხტვის გზად, ჩვენ, “ქრისტიან-დემოკრატებს” თითოეულ ხაზზე მინიმუმ ერთი ავტობუსის დამატება მიგვაჩნია, რაც გადაადგილების გრაფიკს უფრო მობილურსა და ინტენსიურს გახდის”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების რესურსი თბილისის მერიას გააჩნია.
ზაზა გაბუნიას განცხადებას სატრანსპორტო კოლაფსის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თამაზ შოშიაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ხაზების გადალაგების პირველი ეტაპი შედარებით მტკივნეულად წარიმართა.
“ბუნებრივია, სატრანსპორტო ცვლილებების პირველ ეტაპზე გარკვეულ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, პროცესი რეგულირებადია. დედაქალაქის მერია შესაბამის საქალაქო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად. ამჟამად, ზოგიერთ ხაზზე უკვე დაემატა რამდენიმე ავტობუსი და საჭიროების შემთხვევაში ხაზების გაგრძელებაც არ არის გამორიცხული”,-განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.